40 მატჩი ევროთასებზე - ლეგენდარული ქართველი მცველი ალექსანდრე ჩივაძე 67 წლისაა [ვიდეო] #1TVSPORT - 1TVმაღალი, თხელი, ულვააშა – რაღაცით ქართველ თავად მოგაგონებს კაცს. აი, შეხედვისთანავე რომ იგრძნობ, მიხვდები. იცნობ: ქართველია და რა ქართველი – გენით, ჟესტით, მანერით… მინდორზეც ასევე – სამხრეთული, ტემპერამენტიანი, აზარტული, რაინდი და ქართველი, ქართველი, ქართველი.

ალექსანდრე ჩივაძე ქართული ფეხბურთის ისტორიას ერთ-ერთ უდიდეს და კაშკაშა ვარსკვლავად შემორჩა, ერთგვარ სიმბოლოდაც კი. არამარტო თავისი თაობის სიმბოლოდ, საერთოდ, ელეგანტური, დარბაისელი ფეხბურთელის სიმბოლოდ, რომელშიც ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით საფეხბურთო თვისებებს შეერწყა კაპიტნის, ლიდერის, წინამძღოლის თვისებები. ეს მერე საქართველოს საზღვრებს გარეთ აღიარეს.

პირველი და უმთავრესი (დიდებულიც) შტრიხი ჩივაძე-ფეხბურთელის პორტრეტიდან, რაც მეხსიერებას შემორჩა, მისი საოცარი ელეგანტურობა გახლავთ. საოცარი სათამაშო მანერა ჰქონდა – არ იქცეოდა და ეს მაშინ, როცა ალექსანდრე ჩივაძე მოუღლელად იბრძოდა პირველიდან ოთხმოცდამეათე წუთამდე, არ ერიდებოდა ხისტ, ჯაჯგურა მეტოქეებს და მაინც – არ იქცეოდა.

ასეთი კი სამიოდე კაცი თუ მოგვიგროვდება ქართველებს.

და ერთიცაა აღსანიშნავი, ჩივაძე-ფეხბურთელი თხემით ბუცის ქაცვამდე უნივერსალი იყო, მოთამაშე, რომელიც მოედნის არც ერთ მონაკვეთზე არ გრძნოდა უხერხულად თავს. იგი ერთნაირი დიდებულებით ირჯებოდა დაცვაშიც, ნახევარდაცვაშიც, თავდამსხმაშიც. ეგებ, ნაძალადევის უბნის მინი-მოედნებეზე და ქუჩებში გატარებულმა წლებმაც იჩინეს თავი?! ეგებ კი არა, ნამდვილად. მაშინდელი ქუჩის ფეხბურთი სკოლა იყო და რა სკოლა, მაშინ ჩივაძეს დუგოს ეძახდნენ, შოტლანდიელ დუგანთან მსგავსების გამო. დუგო – სუსტი, ტანთხელი, დაუღალავი ყმაწვილკაცი, ბურთს უმალ რომ გრძნობდა, ვიდრე აგორებდა და აკი მალე მთელმა თბილისმაც იცოდა, რომ არის ნაძალადევში ბიჭი, ვინმე დუგო, რომელსაც დიდი მომავალი ელის, დიდი საფეხბურთო მომავალი.

უნივერსალიზმი ისე, ჰაერზე არ მოდის და არც მარტო მონაცემები ჰყოფნის ფეხბურთელს, რათა უნივეერსალად ჩამოყალიბდეს. ამას ერთგვარი საფეხბურთო სიმწიფე სჭირდება და იმ დროს ხდება, როცა გონება განსაზღვრავს მინდორზე მობურთალის სტილს, ქცევას, მანერას. უნივერსალი ფეხბურთელი ჯერ აზროვნებს, მერე ეჩვევა და ბოლოს თამაშობს. უცებ არაფერი ხდება.

ჩივაძეც ასე, დროის მანძილზე ჩამოყალიბდა უნივერსალად. თავიდან იგი უფრო შემტევი სტილის მოთამაშედ მოგვევლინა, მეტოქის ნახევარზე გაცილებით მეტ დროს რომ ატარებს. დაცვაში შავი სამუშაოს შესრულებასაც „მიეჩვია“, „შავი“ ანუ „მუშა ფეხბურთელი“, რომელიც ლამისაა, ნახევარი გუნდის ფასი ღირს, სადაც და როცა გინდათ. მერე საჭიროებამ მოითხოვა და ალექსანდრე ჩივაძე-ცენტრალური მცველიც ვიხილეთ. და გეტყვით, ჩივაძე-ცენტრალური მცველი ეს ყველაზე დიდი ჩივაძე იყო.

ქართველი სპორცმენები: ალექსანდრე ჩივაძეზემოთ ელეგანტურობაზე ვთქვით და ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ალექსანდრე ჩივაძე სადა ფეხბურთს თამაშობდა, სადას და არა მარტივს. საფეხბურთო გურმანმა კარგად იცის სადა ფეხბურთის ფასი – ეს ის ფეხბურთია, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ზიზილ-პიპილოებს, უხეირო ეფექტებს, მაგრამ რომელშიც თვალის ერთი შევლებითაც მოჩანს დიდი ფეხბურთელის სათამაშო სახე. ჩივაძეც სადა და დიდი ფეხბურთელი იყო – მისი საფეხბურთო კარიერის მანძილზე ვერც ვერავინ გაიხსენებს თუნდაც ერთ შემთვევას, მას რომელიმე იაფფასიანი ტრიუკით რომ ეცადოს გულშემატკივრისთვის თავის მოწონება.

მას მოედნის ჩინებული ხედვაც გამოარჩევდა სხვათაგან. რამდენჯერ ყოფილა, ბურთს რომ ჩვეულად გაიტაცებდა თავისივე საჯარიმოდან, ლამის მთელ მოედანს ისე გადასერავდა, ერთხელაც არ დაიხედავდა ძირს. აწეული თავი – ესეც უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო კომპონენტია, ასიდან ასი მწვრთნელი ბურთის გაჩერების გაკვეთილების შემდეგ თავის აწევას ასწავლის ბავშვებს. ჩანს, ჩივაძესთვისაც უსწავლებიათ და კარგადაც.

დიდებული დარტყმა ჰქონდა. დაყენებული, ძლიერი. განა ბურთს აჭრიდა ან მოჭრიდა, არა, ძველებურად, მამაპაპურად, გაჭიმული ტერფის ზურგით დააქუხებდა და ბურთიც ისე მიფრინავდა-ხოლმე მეტოქის კარისკენ, ერთხელაც არ შეირხეოდა

ჰაერში. ამიტომ იყო, ჩივაძის კარიერის შუა და ბოლო წლებში თბილისის „დინამოს“ თითქმის ყვეა საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ რომ მიაჩნდათ. ვერანაირი კედელი ანაც მეკარის გაასკეცებული ყურადღება ვერ აღუდგებოდა-ხოლმე წინ „დინამოს“ კაპიტნის ყუმბარისებურ დარტყმას.

უყურებდი კაცი მის თამაშს და ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდა, თითქოს არასდროს ჩქარობსო ჩივაძე. თვით „დინამოს“ ცნობილი კონტრშეტევების დროსაც კი რაღაცნაირად აუჩქარებლად, დარბაისლურად მირბოდა კაპიტანი.არ ვიცი, ზომავდა თუ არა ვინმე ქართველი მობურთალების სირბილის სისწრაფეს კონტრშეტევებისას, მაგრამ ერთი რამ ნათელია, ალექსანდრე ჩივაძე არავისზე ნელა არ დარბოდა მაშინ. უბრალოდ, იმდენად ელეგანტური, კლასიკური იყო მისი სირბილიც კი – კაცი იფიქრებდა, ისე რა მირბის, უთუოდ სწრაფადაც შეუძლიაო.

სტანდარტული მდგომარეობების შესრულების დროსაც ჩვეულად, აუჩქარებლად ირჯებოდა „დინამოს“ კაპიტანი. საოცარი გულმოდგინებით გაასწორებდა ბურთს, ნელ-ნელა დაიხევდა უკან (კარგა დიდ მანძილზე), გამოქანდებოდა და… არა მარტო საჯარიმოებს, პენალტებსაც ასე ურტყამდა.

აუჩქარებელი კი იმიტომ ჩანდა ჩივაძე, რომ იგი არ ფახიფუხობდა, არ ფუსფუსებდა, მთელ მის კარიერას ერთნაირი ჟინი, სტაბილურობა, თავდაჯერებულობა გასდევდა ბოლომდე. სანამ იყო, იყო. შიში, რიდი, კრძალვა ვერ ამშვენებს დიდ ფეხბურთელს და ჩივაძე ვისზე ნაკლები იყო.

ქართველ ფეხბურთელებს ერთიც სდევდათ თან – მათ სხვა ფეხბურთი უნდა ეთამაშათ ჩვენში, საქართველოში და სულ სხვა თარგზე უნდა მოჭრილიყვნენ სსრკ ნაკრებში, სადაც, მართალი ვთქვათ, ღირსეულთა შორის, ღირსეულებს უწევდათ გარჯა, სხვანაირად რომ ვთქვათ, ქართველი, რომელიც სსრკ ნაკრებში თამაშის ღირსად ითვლებოდა, ათი თავით მაღლა უნდა მდგარიყო „უფროს ძმებზე“.

Chivadze photos | IMAGOალექსანდრე ჩივაძის შემთვევაშიც ასე მოხდა. იგი მართლაც რომ ათი თავით მაღლა იდგა კონკურენტებზე, თორემ… ამ უპირატესობის გამოც იყო, ჩივაძე სსრკ ნაკრების კაპიტნად რომ აირჩიეს.

არ შეიძლება, არ გაგახსენდეს კაცს ესპანეთის 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სსრკ-შოტლანდიის მატჩი.იმ შეხვედრაში მერვედფინალში გამსვლელის ბედი წყდებოდა და ამ დროს, ჩივაძის ფეხის დასხლტომის შედეგად, შოტლანდიელებმა ანგარიში გახსნეს. ხათაბალა და უხერხული სიტუაცია ამაზე შორს ვერ წავიდოდა. ეს მომენტი ცოტათი იმ შემთხვევასაც გვახსენებს, რომელმაც პორტუგალიის ნაკრებთან ხურცილავა ხელით ათამაშა… მაშინ ხურცილავა ხუთი კაცი ნაცვლად იბრძოდა მოედანზე, მაგრამ სსრკ ნაკრებმა შეხვედრა და შესაბამისად, მცირე ოქროს მედლები მაინც დათმო. აი, შოტლანდიასთან მატჩში კი სსრკ გუნდი ისევ კაპიტანმა იხსნა. ერთი სიტყვით, ჩივაძეს ისე გამოუვიდა, ქართული ანდაზაა ზედგამოჭრილი – ძაღლი ვინც მოკლა, იმან უნდა გადაათრიოსო… აფეთქდა, გალომდა, აზარტში შევიდა კაპიტანი და შოტლანდიელთა კართან შექმნილ ალიაქოთში საგოლე დარტყმაც შეასრულა. ამას მოჰყვა ნიკოლაი ოზეროვის ფრთიანი ფრაზა: „ვოტ ტაკოი ნუჟენ კაპიტან“-ო. ხასიათის სიმტკიცე, სულის ძლიერება თუ ჰქონდა, მხედველობაში რუს კომენტატორს.

ბევრი გაახსენდება ქართველ ქომაგს მსგავსი მაგალითი, როცა ალექსანდრე ჩივაძეს საკუთარ მხრებზე გადაჰქონდა მთელი გუნდის სიმძიმე და კაპიტნურადაც გადაჰქონდა. ასეთი მატჩებიდან განსაკუთრებით „ბკ კოპენჰაგენთან“ მატჩი (ჩივაძემ ორი ბურთი გაიტანა), „ვესტ ჰემთან“ შეხვედრა (პირველი გოლი – ტრიუმფალური გამარჯვების სათავე) და ერთიც, ამათთან შედარებით თითქოსდა უმნიშვნელო „დინამო“-„ჟალგირისის“ შეხვედრაა გასახსენებელი.

„ბკ კოპენჰაგენთან“ და „ვესტ ჰემთან“ მატჩები, აბა, ვის დაავიწყდებოდა, მაგრამ აი, „დინამო“-„ჟალგირისი“ კი იმ კატეგორიის თამაში გახლდათ, ბევრს რომ არ რჩება მეხსიერებაში.

მე კი ტყუილად არ მომიხმია წარსულიდან ეს შეხვედრა. ეს ის პერიოდია, როცა თბილისის „დინამოს“ არნახულად უჭირს, ისე, როგორც არასდროს. გუნდი დატოვა წამყვანი ფეხურთელების უმრავლესობამ, მოვიდნენ ახალგაზრდები, მაგრამ სსრკ პირველობის უმაღლეს ლიგაში მარტო ნიჭით და ენთუზიაზმით აბა, ვის გაეტანა ლელო… გამოცდილების უქონლობას თავისი მიჰქონდა. ჰოდა, იმ მატჩშიც „ჟალგირისთან“ გაუჭირდა ახალგაზრდა „დინამოს“, ხალხი საყვარელ გუნდს მოგებას სთხოვდა იმხანად წამოჩიტულ ლიტველებთან, „დინამო“ კი აგებდა… აგებდა დაახლოებით ოთხმოცდამეცამეტე წუთამდე. ლიტველთა გოლიდან ვიდრე მსაჯის საფინალო სასტვენამდე უტევდა „დინამო“, უტევდა, მაგრამ უშედეგოდ…

და აი, ერთ-ერთ მომენტში არბიტრმა „ჟალგირისის“ კართან საჯარიმო დარტყმა დანიშნა. ბურთთან მივიდა კაპიტანი, ჩვეულად, აუჩქარებლად გაასწორა ბურთი, დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა. ეს არ გახლავთ ერთეული შემთვევა, ეს ერთ-ერთი

მაგალითია მრავლისა და ისიც ხომ სათქმელია, რომ ასეთ დროს საჯარიმო კი არა, პენალტიც ვერ გააქვთ ხოლმე ფეხბურთელებს…

ახასიათებდა ჩივაძის კარიერას მსგავსი რამეები, როცა ფეხის, თავის ერთი მოქნევით წყვეტდა-ხოლმე რაგინდარა შეხვედრის ბედს. და უნდა ითქვას, რომ სწორედ საჭირო მომენტშიც.

ჰოდა, ადგა უცხოური პრესა და „ფეხბურთის პროფესორი“ უწოდა ალექსანდრე ჩივაძეს. ეს ჩვენში ვერიდებით ფეხბურთელებისთვის მეტსახელების შერქმევას, აქაოდა, გაბუქებაში არავინ ჩამოგვართვასო, თორემ უცხოეთში უკვე კარგა ხანია, იციან მეტსახელის, გაბუქვის, დაკნინების ფასი და ისიც კარგა ხანია იციან, ვის, სად და რა უწოდონ.

სსრკ-ში კი ჩივაძის ქება როცა მოუნდებოდათ, „33 საუკეთესო“-ში შეიყვანდნენ და – „დინამოს“ კომორგს ბურთი ფეხზე აქვს მიკრულიო – ამას წერდნენ. და დამერწმუნეთ, ამ ფრაზაში კომორგი უფრო საქებარ სიტყვად მიაჩნდათ, ვიდრე ის, რომ ჩივაძეს „ბურთი ფეხზე ჰქონდა მიკრული“.

ასე იყო მაშინ, მთავარი (სისტემიდან გამომდინარე) კომორგობა იყო და მერე მობურთალობა.

 

40 მატჩი ევროთასებზე - ლეგენდარული ქართველი მცველი ალექსანდრე ჩივაძე 67 წლისაა [ვიდეო] #1TVSPORT - 1TV

კარიერა კი ჩვეულად – ღირსეულად, ელეგანტურად დაასრულა ალექსანდრე ჩივაძემ. წავიდა იმაზე ადრე, ვიდრე შეიძლებოდა წასულიყო. ვინ-ვინ და ალექსანდრე ჩივაძემ კარგად იცოდა, როდის უნდა წასულიყო. ხინჯად კი უთამაშებელი მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატი დარჩა. კი ეკუთვნოდა მექსიკაში თამაში, ჩივაძე სჭირდებოდა სსრკ ნაკრებს. რახან ხინჯზე ვთქვით და სიტყვამ მოიტანა, ეროვნული სტადიონიდან (მაშინ ვ.ი. ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონიდან) ჩივაძის გაცილებაზეც უნდა ვთქვათ – „პროშჩაი კაპიტან“! – ეკადრებოდა კი ორიოდე რუსული სიტყვით ფეხბურთიდან გასტუმრება ალექსანდრე ჩივაძეს?

არა, არც ქართულ ფეხბურთს ეკადრებოდა.

სხვამხრივ კი „ფეხბურთის პროფესორი“ – ყველაზე კარგად ეს მეტსახელი უხდება ალექსანდრე ჩივაძის ბევრისმომცველ და ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერას.

გაზეთი „სარბიელი“, 14 იანვარი, 1999 წელი

თბილისის „დინამო“ - უეფა-ს თასების მფლობელთა თასი - საქართველოს ეროვნული არქივი