„კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ როგორც კი ვიქტორ ოსიმენი აფრიკის ერთა თასიდან იტალიაში დაბრუნდება „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოიწვევს თათბირს, რომლსაც ნიგერიელი ფორვარდი და ქართველი ხვიჩა კვარაცხელია დაესწრებიან. „აძურის” მეპატრონეს ეს შეხვედრა სასწრაფოდ სჭირდება, ვინაიდან კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელის გამონათქვამმა სოციალურ ქსელებში ვნებათაღელვა გამოიწვია, რამაც იტალიური გაზეთის აზრით ისედაც კრიზისში მყოფი გუნდი შესაძლოა უარეს დღეში ჩააგდოს.

რომაული გამოცემა წერს, რომ ნეაპოლში გაჩნდა რეალური შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ოსიმენსა და კვარაცხელიას შორის ურთიერთობა დაიძაბება, არადა გასულ სეზონში ეს წყვილი მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე გახლდათ.

ოსიმენი კოტ დ’ივუარშია, სადაც 13 იანვრიდან 11 თებერვლამდე აფრიკის ერთა თასი ჩატარდება. ნიგერია პირველ შეხვედრას 14 იანვარს ეკვატორიული გვინეის წინააღმდეგ ჩაატარებს. მოგეხსენებათ, ოსიმენი ცოტა ხნის წინ აფრიკის კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზით დააჯილდოვეს და ამის გამო მასზე დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლაა. ყველა ელის, რომ მისი ლიდერობით ნიგერიის ნაკრები ციდან ვარსკვლავებს მოწყვეტს. „კორიერე დელო სპორტის” თქმით, ასეთი მაღალი მობილიზაციის დროს გავრცელდა მამუკა ჯუღელის ნათქვამი, რომ ოსიმენი ზაფხულში საუდის არაბეთში გადავა, რადგან მთელი კარიერის განმავლობაში „ნაპოლის” ერთგული არ იქნება.

„ხვიჩა ასეთ ტრანსფერს მილიარდადაც კი არ დათანხმდება. მას ურჩევნია, მაგალითად „რეალში”, „ბარსელონაში”, „ბაიერნში” ან „მანჩესტერ სიტიში” გადავიდეს. კვარაცხელიას სხვა მიზნები და პრიორიტეტები აქვს”, — თქვა ჯუღელმა.

მოგეხსენებათ, ქართველი აგენტის ნათქვამს ოსიმენი ინსტაგრამით საკმაოდ უხეშად გამოეხმაურა, შემდეგ კი ნიგერიელის აგენტმა რობერტო კალენდამაც დაწერა, რომ ჯუღელს სხვის ფეხბურთელზე ლაპარაკი არ უნდა დაეწყო.