იტალიური მედია კვლავ „ჯენოასა” და „ნაპოლის” 2:2-ს უტრიალებს. ბევრი პორტალი ყოველი მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს ქულებს უწერს. გავლენიანი „კორიერე დელო სპორტი” შეფასებას პატარა ტექსტებსაც აყოლებს. ვფიქრობთ, საინტერესოა როგორ შეაფასა რომაულმა გაზეთმა გენუაში ნეაპოლელთა მწვრთნელის რუდი გარსიას და ხვიჩა კვარაცხელიას მოქმედებანი.

გარსია – 5 მწვრთნელი ზედიზედ მეორე დამარცხებისგან მხოლოდ მისი ფეხბურთელების ნიჭმა იხსნა. მის ხელში ჩვენ ვიხილეთ გაცრეცილი, გაწელილი, დაბნეული გუნდი: 4-3-3; 4-2-4; 4-4-2. თვალსაჩინო მაგალითი: „ნაპოლიმ” კარში პირველად 72-ე წუთზე დაარტყა. ეს გააკეთა კვარამ, შემტევი ტრიოს მარცხენა მკვლელმა წევრმა, რომელიც შეხვედრის განმავლობაში მოედანზე სევდიანად დადიოდა, მოედნის გარეთ კი ბრაზიანად — იგი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეცვლის გამო გაბრაზდა. ასევე იყო „ლაციოსთანაც”: კვარა მაშინ გაიყვანეს, როდესაც მისი ერთი დარტყმა ყველაზე მეტად იყო საჭირო.

კვარაცხელია – 5,5 ოცდაათ წუთიანი ამაო ხეტიალის შემდეგ ის მარცხენა ფრთაზე დაბრუნდა და შინაური ჰაერი იგრძნო, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა: რუდიმ მას ტაქტიკური მოსაზრების გამო შიგნით თამაში მოსთხოვა, სანამ 4-4-2-ზე არ გადაეწყო. კვარამ თანაგუნდელებიდან პირველმა დაარტყა კარში. 89-ე წუთზე, როდესაც გუნდმა ანგარიშის გათანაბრების მერე მატჩის ბედის შემობრუნება სცადა, მწვრთნელმა ის შეცვალა. და ის გაბრაზდა. მან ვერ გაიგო რატომ შეცვალეს. თუმცა, ეს ვერავინ გაიგო.

რომაულმა გაზეთმა კვარა კიდევ ერთხელ ახსენა, როდესაც ვიქტორ ოსიმენი დაახასიათა. გაზეთმა ნიგერიელს ქართველის მსგავსად 5,5 ქულა დაუწერა და უსაყვედურა, რომ ის მარტო ცდილობდა შეტევას, კვარაცხელიასთან ურთიერთგაგება კი არ ჰქონდა. „კორიერე დელო სპორტის” აზრით, ერთ ეპიზოდში მისი წაქცევისთვის პენალტი უნდა დანიშნულიყო.