ნეტავ, გაისად ზაფხულში „ბაიერნსა“ და „ჩელსის“ გერმანელ ვარსკვლავს ანტონიო რუდიგერს შორის რამე ხომ არ იგეგმება? — კითხულობს „შპორტ ბილდი“.

საქმე ის არის, რომ 2022-ის ზაფხულში გერმანიის ნაკრების მცველს დასავლეთ ლონდონელებთან კონტრაქტის ვადა ეწურება. რამდენადაც ცნობილია, „რეკორდმაისტერის“ წარმომადგენლები რუდიგერის აგენტსა და ნახევარ-ძმას ზარ ზინეზის უკვე დაუკავშირდნენ.
ბავარიელთა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა კი ამასთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირად ილაპარაკა:
„ზოგადად, სხვა კლუბების ფეხბურთელებზე საუბარი არ მიყვარს, მითუფრო თუკი მათი კონტრაქტი ჯერ კიდევ მოქმედია და თან სატრანსფერო პერიოდიც არ არის. მაგრამ რუდიგერზე ვილაპარაკებ როგორც ფეხბურთის ფანი. ის ძალიან განვითარდა. როდესაც თომას ტუხელმა „ჩელსი“ ჩაიბარა, ანტონიო გარიყული ფეხბურთელი იყო, მან კი ის ამოწია და გუნდის ერთ-ერთ წამყვან წევრად აქცია. ის წარმოუდგენლად აგრესიული და ძალიან მაღალი დონის მცველია. მიყვარს, როდესაც მოთამაშე თავის ამპლუას ზედმიწევნით შეესაბამება. ტონი სწორედ ასეთია.
დანარჩენი კი ჭორი გახლავთ. გინდ დამიჯერეთ გინდ არა, ბრაზოსთან (ჰასან სალიჰამიჯიჩი, „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი) ამ თემაზე არც კი მილაპარაკია. არც კი ვიცი, კიდევ რამდენი ხანი უნდა იყოს რუდიგერი „ჩელსიში“. დრო რომ დადგება, ჩავხედავ საფულეში, ვნახავ ფული რამდენი დამრჩა და იმის მიხედვით ვიმოქმედებ“.





