როგორია ქართული ფეხბურთი?

იტყვიან, რომ დღეს ცუდია, გუშინ კი კარგი იყო. მაგრამ ამას სულაც არ ვგულისხმობ და ალბათ, კითხვაც ბუნდოვანი გამომივიდა.

უკეთესი იქნებოდა მეკითხა, ვინ არის ქართველი ფეხბურთელი დღეს? რა სტატუსის კაცია? რას აძლევს მას ფეხბურთი და რას გაიღებს იგი ამ თამაშისათვის?

სტატუსით ქართველი ფეხბურთელი პროფესიონალი არ არის, მაგრამ არც მოყვარულია. დღეს ჩვენს ფეხბურთს შუალედური „არასამოყვარულო“ ჰქვია. ფეხბურთელებს კი „არამოყვარულები“. ეს არის „არც იქით, არც აქეთ“ მდგომარეობა, საკმაოდ გავრცელებული ევროპის პატარა და ზოგჯერ არცთუ პატარა ქვეყნებში. ჩვენთან კი არ არსებობს კანონი პროფესიონალი სპორტსმენის შესახებ.

ეს ამბავი გამახსენა იმან, რითაც ჩვენი ფეხბურთის რეფორმა უნდა დაიწყოს, ანუ 200 ათასმა დოლარმა. თუ გინდა, რომ პირველი ჯგუფის კლუბი გერქვას, 200 ათასი დოლარი უნდა გქონდეს. აქ შეიძლებოდა ხუმრობა იმის თაობაზე, რომ თუ 200 ათასი დოლარი მაქვს, პირველ ჯგუფში საერთოდ არაფერი მესაქმება, მაგრამ ჩვენ იმდენხანს ველოდით რაიმე ცვლილებას, რეფორმის დასაწყისს ქართულ ფეხბურთში, რომ ხუმრობა სულაც არ არის საჭირო.

გაანებეთ თავი სტადიონებს!200 ათასის მოთხოვნა ჭეშმარიტად კაპიტალისტური ნაბიჯია. ქვეყანაც აქეთკენ მიემართება. პირველი ჯგუფის კლუბს მართლაც არ უნდა ეცვას სხვა ქვეყნის მესამე ჯგუფის გუნდის სამოსი, სტადიონი სტადიონს უნდა ჰგავდეს და არა ბოსტანს, ბურთი ნათხოვარი არ უნდა იყოს, მსაჯთა ოთახში არყის ბოთლები არ უნდა ეყაროს და ა.შ.

მოთხოვნა სწორია. როდემდე უნდა იყოს ლაპარაკი ავტობუსის ვერშოვნაზე, საბურავის გახეთქვასა და საათის გაჩერებაზე.

მაგრამ, სხვაგვარად, რამდენი ქართული კლუბი შეძლებს ამის მოხერხებას? ძველ ფედერაციას სულ იმას ვუჩიჩინებდით, რომ პირველი ჯგუფის კლუბების რაოდენობა უნდა შევამციროთ. მე დღესაც ასე მგონია, რომ ათ კლუბზე მეტი პირველ ჯგუფში არ უნდა იყოს. მაგრამ ახლა მგონია, რომ პირველ ჯგუფში ოთხი-ხუთი კლუბი დარჩება. თუმცა, ფედერაციას ეგებ დათვლილიც კი ჰქონდეს, ვინ გადამხდელია და ვინ არა და 200 ათასიც ამიტომ დაასახელა. მაგრამ ეს თანხა მაინც გრანდიოზულად მეჩვენება ქართული კლუბებისთვის, რომლებიც არაფორმალურად კი მისდევენ პროფესიონალიზმს, რაღაცით მიმსგავსებულ საფეხბურთო მეურნეობას, მაგრამ რა გამოდის ამ მეურნეობიდან, ყველანი ვხედავთ.

ამიტომ – ძალიან საეჭვოა, რომ რაიმე ისე მოწესრიგდეს, რომ კლუბების სასურველი რაოდენობა უპრობლემოდ მოგროვდეს მოწესრიგებული სტადიონებით, სარეკლამო ფასებით და ნამდვილი თამაშით. აქ პროფესიონალიზმი არ არის, ნახევარ წელიწადში კი, აბა რა უნდა მოესწროს?

მგონია, რომ ჯობდა ფედერაციას ახლო მომავლის რომელიმე თარიღი დაეთქვა, ვთქვათ, 2000-01 წლების სეზონისთვის დაეგეგმა ეს 200 ათასი, მანამდე კი რამე სავალდებულო გრაფიკი თუ გეგმა შეედგინა კლუბებისა და სტადიონების მოწესრიგებისა, რაც ასე თუ ისე, ჩაეტეოდა მომავალ სეზონში.

ასე კი, რა ვიცი, ხალხმა რომ თავი მოიკლას, 200 ათასი შეაგროვოს და ამ თანხის უკან არ იდგეს ფეხბურთი და პროფესიული მეურნეობა, რა გამოვა?

12.12.1998

წილი
წინა სტატიასამარცხვინო! შემთხვევითი! უნიათო!
შემდეგი სტატიატაისონს მოგება მოპარეს
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.