- დედა, რა მაგარია ეს რონალდო, ნეტავ როგორი იქნება თუნდაც ხუთი წლის შემდეგ?
- ხუთი წლის შემდეგ სულ არ იქნება.
- რატომ?
- არ, რატომ: „ინტერი“ წელს ვერაფერს მოიგებს. რონალდოს მილიონით მეტს შესთავაზებს „რეალი“ და ესაც იქ გადავა. გაისად პირველი წრის შემდეგ „რეალი“ ვერაფერს მოიგებს და ამ დროს „ფიორენტინა“ შესთავაზებს მილიონით მეტს. რონალდოც იქ გადავა. „ფიორე“ რაღა ხვითოა? იქაც ეყოფა ნახევარი წელიწადი. მერე „ბარსას“ მიუბრუნდება და როგორ გგონია, ხუთ წელიწადში არ მობეზრდება ეს ყველაფერი?
- რა ვიცი. ვითომ ასე იქნება?
- ჯორდანი ხომ ბეისბოლში გაიქცა ეგ ტელესერიალებში წავა.
- ეჰ, აბა რაებს ლაპარაკობ?
- ნახავ, როგორ გასუქდება, ამსიგრძე კაცი, გასუქებული იძუნძულებს. კანტონას დაემსგავსება, ათანას მიხაილოვსა.
- ათანას მიხაილოვი ვინღაა?
- სოფიის „ლოკომოტივის“ კაპიტანი იყო. ჩვენ სახელოვან კიევის „დინამოს“ სულ ღიპით უტანდა გოლებს.
- ეჰ, აბა ამათ შედარება იქნება?
- მაგის ჯავრი სულ არა მაქვს. თვალის ექიმთან უნდა მივიდე.
- რათა?
- ფერებს ვეღარ ვარჩევ. აი, იმ დღეს „მილან“ – „ინტერს“ ვუყურე და ერთმანეთისგან ვერ გავარჩიე. მგონი დალტონზმი შემეყარა.
- კარგი ერთი, ნუ იგონებ რაღაცეებს. „მილანს“ „ინტერისგან“ ვინ ვერ გაარჩევს?
- ვინც ფერებს არჩევს, იმას არ გაუჭირდება. ლურჯი და წითელი ზოლების გარჩევა, მაგრამ თუ ჩემსავით ფერებს ვეღარ არჩევ, ან შავ-თეთრი ტელევიზორი შემოგჩა, რის „მილანი“, რა „ინტერი“, ვერაფერს გაუგებ.
- რა მოხდებოდა, რონალდო რომ „მილანში“ თამაშობდეს?
- ის მოხდებოდა, რაც ვეას რომ „ინტერში“ ეთამაშა.
- და ასეთ შემთხვევაში რაღა მოხდებოდა?
- არც არაფერი, რა მოხდება „მილანს“ რომ „ინტერის“ ფორმა ჩააცვა? „ინტერი“ „მილანად“ გადაიქცევა. „მილანი“ კი „ინტერად“. თუმცა, ორივე მაინც ერთი იქნება.
- ეგ როგორ?
- თხას ეზოს გარეთ დააბამ თუ ეზოში, რა მნიშვნელობა აქვს? მითუმეტეს, ეზოც არ არის. ეზო ერთია – „სან სირო“.
- ესე იგი, მე რომ მგონია, მილანს ორი გუნდი ჰყავსო, ტყუილი მგონია.
- აბა რა, ერთი გუნდია, არჩევან-არადანზე გაყოფილი.
- კარგად ამიხსენი ეგ ამბავი.
- აი უყურე: მორიერო გადაიყვანე წითლებში, ბა – ლურჯებში, კოსტაკურტა გადაიყვანე ლურჯებში, ბერგომი – წითლებში, ბობანი – ლურჯებში, ძანეტი – წითლებში. კანუ და კოე – „მილანში“, კლუივერტი და ლეონარდო – „ინტერში“, ვითომ გადავლენ, მაგრამ სინამდვილეში ისევ სან სიროზე არ დარჩებიან?
- მართალს ჰგავს.
- განცის ამბავი აიღე. განცი ხომ გადავიდა „ინტერიდან“ „მილანში“, მაგრამ არსადაც არ გადასულა.
- განცი რომელი, რა გაუკეთებია?
- მთელს მაგხელა ქალაქში ერთი ეგ გამოდგა ფეხბურთელი, მაგრამ ამბობენ, ეგ რა ფეხბურთელიაო.
- და მწვრთნელი ხომ ორია?
- ჰოო, კაპელო, კაპელო… აი, რას გეტყვი: კაპელოს რომ თმა გაუთეთრდება, ჯიჯი სიმონი გახდება. სიმონი კი, სანამ თმა გაუთეთრდებოდა, კაპელო არ იყო. ამის მიუხედავად, მაგათ ზიარი რვეული აქვთ.
- როგორ უნდა გავარჩიოთ ეგ ორი გუნდი?
- რომელიმემ თეთრი ფორმა უნდა ჩაიცვას.
- და გაზა?
- რა გაზა?
- გაზა რომ თამაშობდეს ან „ინტერში“ ან „მილანში“, ხომ გაარჩევდი?
- ვის, გაზას?
- გაზას კი არა „მილანს“ და „ინტერს“.
- ნუ მელაპარაკები მაგ კაცზე. თუ ვინმე იქცა ათანას მიხაილოვად, პირველ რიგში ეგ.
- და ჰოდლი?
- ეგეც, თავის დროზე ათანას მიხაილოვად გადაიქცა.
28.03.1998