ფილ ბერდსლი „მანჩესტერ იუნაიტედის” მოძულე ორპირა ჰერბერტიაო, თქვა მარკუს რეშფორდის ბავშვობის მწვრთნელმა დეივ ჰოროკსმა. აქამდე ვიცოდით, რომ ჰერბერტი კაცის სახელი იყო,  მაგრამ თურმე ჰოროკსის თაობის ინგლისელების ჟარგონზე ცუდ კაცსაც ნიშნავს. ამრიგად,  ლინგვისტურმა ძიებამ შედეგი მოგვიტანა, გავიგეთ, რანაირად შეიძლება ფილი ჰერბერტი ყოფილიყო და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

ხოლო ის, თუ რატომ არის ფილი ჰერბერტი, „სარბიელის” მკითხველმა იცის: „ტარფ მურზე”, „ბარნლისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრაში (0:2), 33 წლის ფილ ბერდსლი, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში თავადაც „მანჩესტერ იუნაიტედის” წევრი იყო და ამ ხნის განმავლობაში სერ ალექს ფერგიუსონმა სულ რვაჯერ შეუშვა მოედანზე, 20 წლის რეშფორდს ეუხეშა, რის პასუხადაც მისგან გაქაჩვა და თაური მიიღო. ბერდსლის ყვითელი ბარათი ამოუღეს, რეშფორდს — წითელი.

„ფილ ბერდსლი დიდი ორსახა ჰერბერტია, — თქვა  დეივ ჰოროკსმა, — ის „იუნაიტედში” თამაშობდა, სადაც ვერ ივარგა და სერ ალექსი რომ არ ათამაშებდა, დაიბოღმა. ახლა, ერთადერთი რაც მას უნდა, „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელების დამტვრევაა.

წესიერი ბიჭი – რეშფორდი უკანა რიგის შუაში

რაც შეეხება მარკუსს, მან ბევრი რამ ისწავლა. ის ყველაფრისთვის მზად არის და ვფიქრობ, ეს ისტორიაც ჭკუის სასწავლებლად გამოადგება.

ბავშვობაში მარკუსს ფეხბურთის თამაშის მეტი არაფერი აინტერესებდა. არავის უპირისპირდებოდა. სხვებისთვის კი არა, დედისთვისაც ცხოვრებაში სიტყვა არ შეუბრუნებია. არადა კარგი იქნება ადრე თუ გვიან ხასიათის სიმკაცრესაც თუ გამოიმუშავებს. მას ყველაზე მეტად სწორედ ეს თვისება აკლია. ის ქუჩაში გაზრდილი ბიჭია და გასაკვირია, რომ ასეთი წყნარი და გაწონასწორებული გამოვიდა”.

დეივ ჰოროკსმა კიდევ თქვა, რომ მისი აზრით ჟოზე მოურინიუ ინგლისელ ფეხბურთელებს არ ენდობა.

„აი, „ტოტენჰემ ჰოთსპურის” პოჩეტინიოს ინგლისელი ფეხბურთელები უყვარს, მოურინიუ კი მათ არ ენდობა. გაიხსენეთ ლუკ შოუს, კრის სმოლინგისა და ფილ ჯონსის ამბავი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ინგლისელებმა მოურინიუს ხელში ორჯერ მეტი ოფლი უნდა ღვარონ ვიდრე უცხოელებმა”.