გეხსომებათ რა ამბავი ატყდა გერმანიაში, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ თურქული წარმოშობის ორმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა და ილქაი გუინდოგანმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ფოტო გადაიღო. გერმანელებმა ეს თავიანთი ქვეყნის უპატივცემულობად აღიქვეს და ისეთი სკანდალი აგორდა, რომ გუნდის მომზადებასაც კი დაასვა დაღი. გუინდოგანმა მალევე გამოაქვეყნა წერილი, სადაც გერმანელ ერს სიყვარულში გამოუტყდა, იოზილი კი აქამდე კრინტს არ ძრავდა და შესაბამისად მის გარშემო ვითარება გვარიანად დაძაბული იყო. მონდიალზე გერმანიის ნაკრების წარუმატებლობა გარკვეულწილად პირადად მასაც კი ბრალდებოდა.

და აი, „არსენალის” 29 წლის მოთამაშემ „ტვიტერზე” თავისი პოზიცია ჩამოაყალიბა, რომელიც საკმაოდ დასაბუთებული ჩანს. რა რეაქცია ექნებათ ამაზე გერმანელებს, გამოჩნდება, მანამდე კი იოზილის ტექსტს გავეცნოთ:

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაფიქრების საშუალება მომეცა. გავაანალიზე ის ამბები, ბოლო თვეების განმავლობაში რომ მოხდა. შესაბამისად, მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრები და განცდა.

ისევე როგორც მრავალი ადამიანის წინაპრები, ჩემი წინაპრებიც ერთზე მეტი ქვეყნიდან მოდიან. მართალია გერმანიაში გავიზარდე, მაგრამ ჩემს ოჯახს ფესვები თურქეთიდან აქვს. ჩემს მკერდში ორი გულია, ერთი გერმანული მეორე კი თურქული. ბავშვობაში დედაჩემი მასწავლიდა არასდროს დამევიწყებინა საიდან ვარ და ეს ჩემთვის დღემდე მნიშვნელოვანია.

მაისში, ლონდონში, საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ღონისძიებაზე პრეზიდენტ ერდოღანს შევხვდი. პირველად ის 2010 წელს გავიცანი, როდესაც ანგელა მერკელთან ერთად ბერლინში გერმანიისა და თურქეთის ნაკრებების შეხვედრას დაესწრო. მას მერე ჩვენი გზები არაერთხელ გადაკვეთილა. ვიცი, რომ ფოტომ, რომელიც ჩვენ გადავიღეთ გერმანულ მედიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ხალხის ნაწილმა ის სიცრუედ და სიყალბედ ჩამომართვა, მაგრამ მას არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონია.

როგორც ვთქვი დედა არასდროს მაძლევდა უფლებას ზურგი შემექცია ჩემი წინაპრებისთვის, მემკვიდრეობისა თუ ოჯახური ტრადიციებისათვის. ჩემთვის პრეზიდენტ ერდოღანთან ფოტოს გადაღებას პოლიტიკასთან ან არჩევნებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ჩემი მხრიდან ეს იყო ჩემი ოჯახის ისტორიული სამშობლოს უმაღლესი ოფისის პატივისცემა.

მე ფეხბურთელი ვარ და არა პოლიტიკოსი. ჩვენი შეხვედრა იოტისოდენადაც არ იყო დატვირთული პოლიტიკით. იმავე საკითხზე ვლაპარაკობდით, რაზეც ყოველი შეხვედრის დროს — ფეხბურთზე, რადგან სიყმაწვილეში ისიც თამაშობდა.

მართალია გერმანულმა მედიამ სულ სხვა სურათი დახატა, მაგრამ პრეზიდენტს რომ არ შევხვედროდი ეს ჩემი წინაპრებისადმი უპატივცემულობა იქნებოდა. ჩემი წინაპრები კი მწამს, იამაყებდნენ იმით, სადაც დღეს ვარ.

ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იყო პრეზიდენტი, მთავარი იყო, რომ ის პრეზიდენტი გახლდათ. პოლიტიკური ოფისის პატივისცემა — მწამს ეს სწორედ ის გრძნობაა, რომელსაც ინგლისის დედოფალი და პრემიერ მინისტრი ტერეზა მეიც იზიარებდნენ, როდესაც ერდოღანი ლონდონში მიიღეს.

თურქეთის პრეზიდენტი იქნებოდა ის თუ გერმანიის, მე ერთნაირად მოვიქცეოდი.

ვხვდები, რომ რასაც ახლა ვამბობ ბევრისთვის შეიძლება ძნელი გასაგები იყოს, რადგან ბევრ კულტურაში პოლიტიკურ ლიდერს ყოველთვის კონკრეტულ პიროვნებასთან აიგივებენ. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს სხვადასხვაა. ვისაც არ უნდა გაემარჯვა წინა ან წინის წინა არჩევნებში, ჩემთვის ერთი და იგივე იქნებოდა”.