ახლა კი გაბრწყინდება ბრაზილია…

ვა?

რა „ვა“? არ იცი, რომ ახალი მწვრთნელი დაუნიშნეს?

რად უნდა ბრაზილიას მწვრთნელი?

როგორ არაო. მწვრთნელი ყველას უნდაო. ჰოდა, ვანდერლეიც დაუნიშნეს.

ვინ?

ვანდერლეი.

ეგ სახელია, თუ გვარი?

ჯერ არ ვიცი, კიდევ მეორე აქვს, ქვეყნის სახელს ჰგავს.

მოზამბიკი?

არა, არა, უფრო ჩვენებური ქვეყანაა.

იტალია?

არა, არა, ჩემით გავიხსენებ… პატარა ქვეყანაა.

და ვანდერლეი რას ნიშნავს, თანამდებობაა?

ხომ გითხარი? ან სახელია, ან გვარი.

ვანდერბერგი გამიგია, ვანდერსმისენი გამიგია, ვანმური გამიგია, ვანმიურენი გამიგია, ვანდერელსტიც გამიგია…

მერე?

მერე ეს, ვანდერლეი არ გამიგია… მერე კიდევ, რა პონტია, ბრაზილიის ტრენერად ბელგიელი დანიშნონ?

ბელგიელი კი არა, ნაღდი ბრაზილიელია.

აბა ვან დერ ლეიო…

მოიცა, გამახსენდა, გვარიც გამახსენდა მაგ ბელგიაზე….

აბა?

ვანდერლეი ბენილუქსი.

ბენილუქსი რა არის?

რაღაც ბელგიის ამბავია, ბელგია, ჰოლანდია და ის, პატარა… დამავიწყდა.

ესე იგი, ვანდერლეი სახელი ყოფილა.

კი, კი, ვანდერლეი ბენილუქსი.

რას არ მოიგონებენ.

მოიცა… ბენილუქსი არა ჰქვია.

აბა.

მოიცა… სან მარინო, ვანდერლეი სან მარინო…

ეგრეა?

არა ვარ დარწმუნებული…

ეგება მონაკო?

არა, კაცო.

აბა, აღარ ვიცი.

გამახსენდა! ვანდერლეი ლუქსემბურგი…

აბა, ეგ ყოფილა.

დაჟე ლუქსემბურგი.

ვაჰ, ჟღერს – ვანდერლეი ლუქსემბურგო. მაგრამ ეგ “ო” რას ნიშნავს?

მაგდენი აღარ ვიცი. პელეს უთქვამს, მაგარი კაციაო. დაღუპულა ბრაზილია.

რატომ?

აბა, პელეს რომ კაცი მოეწონება, ის რა კაცია.

და გაზა?

რას გადაეკიდე ამ გაზას? რა დროს გაზაა?

ხვალ თამაშობსო. პრემიერშიფი იწყებაო?

და ვანდერლეი რაღა შუაშია?

რა ვიცი. ვიფიქრე, გაზას რომ ვახსენებ, გაეხარდება-თქო.

ეჰ, რაღა გამახარებს? ვანდერლეი ლუქსემბურგო რომ ვიყო, მაინც ვერ გავიხარებ.

რატომ?

აბა, რა არის სასიხარულო, როცა იცი, რომ ოთხ წელიწადში უნდა მოგხსნან?

ბრაზილია მაინც გაბრწყინდება.

შენ ელოდე,

რა გინდა, ხომ გავიდნენ ფინალში?

ეე, ფინალში „მაგდებურგიც“ კი გავიდა…

ეგ რა შედარებაა?

დალოცვილო, სან პაიოს იმედზე ხარ და მე მეკამათები?

მარტო სამპაიოა?

ბოლოს ყველა სამპაიოდ გადაიქცა და მე რა ვქნა?

არა ხარ მართალი.

ბრალიზიას მაინც არ უნდა მწვრთნელი.

15.08.1998

წილი
წინა სტატიაუსამართლობა ბარსელონაში
შემდეგი სტატიავის დარჩება კიევი?
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.