„მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” 0:1 წააგო და… „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებმა სადღაც ჩეშირში, ჰეილში, მოკლედ ქალაქის სიახლოვეს, ადგილობრივ პაბში, ყველას დასალევი უყიდეს. „ქალაქელები” პრემიერლიგის ჩემპიონობას ზეიმობდნენ. კაპიტანმა ვინსენტ კომპანიმ პინტა „გინესით” ხელში ემოციური სადღერგძელოც კი თქვა.

გახარებული პორტუგალიელი ბერნარდო სილვა მიკროფონს მივარდა და „ოაზისის” ცნობილი სიმღერა Wonderwall დასცხო, კაილ უოკერმა კი ბარის დაორთქლილი ფანჯრები დაირბინა და ყველგან „სიტი” დაწერა.

კომპანი სადღეგრძელოს სათქმელად სკამზე ავიდა და ასე დაიწყო: „თუ დარბაზში ბავშვები არიან, გთხოვთ ყურები დაუცვით ან ცოტა ხნით გარეთ გაუშვით”.

შემდეგ კი მან „სიტის” ძველ და თავგადაკლულ გულშემატკივრებს მიმართა: „ეს იყო გრძელი fucking გზა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩვენს ლურჯ ფერს 40 წელზე მეტია გულით ატარებთ. მაგრამ, დღეს ჩვენ ისევ გამარჯვებულები ვართ! მაშ, მოდი, ერთად მოვილხინოთ…”

კაპიტნის სიტყვით აღფრთოვანებულმა ერთმა ფანმა „სიტის” ვარსკვლავებს ლუდი ჩამოუდგა და თქვა, რომ კომპანის გამოსვლა ჩერჩილისას უდრიდა.

ჯონ სტოუნზიც სკამზე ავარდა, ოღონდ სიტყვის სათქმელად კი არა, სამღერად. ის ძალიან ხმამაღლა ჭექდა რაღაც მელოდიას (თუკი შეიძლება ასე ვუწოდოთ), რომელშიც თანაგუნდელ იაია ტურესა და რატომღაც მის ძმას, კოლოსაც აქებდა.

ფანებთან ერთად ორსაათიანი ღრეობის შემდეგ „სიტის” ფეხბურთელები დაიფანტნენ. ვინ სად განაგრძო ქეიფი. კაილ უოკერი ტაქსიში „კამპეონეს, კამპეონეს” ღრიალით ჯდებოდა.

ქეიფში მონაწილეობდნენ „სიტის” თანამშრომლები, სხვადასხვა რანგისა და კატეგორიის მწვრთნელები. არ იყვნენ ილქაი გუინდოგანი და ლეროი სანე, რომელიც გერმანიაში თავისი ყოფილი გუნდის „შალკეს” თამაშზე დასასწრებად გახლდათ წასული. არ იყო მეკარე ედერსონიც, რომელიც „ბენფიკას” ბიჭების სანახავად და მათი თამაშის სანახავად პორტუგალიას გაეშურა.

„სიტის” ფეხბურთელებს ორშაბათი და სამშაბათი თავისუფალი აქვთ.

რაც შეეხება პეპ გვარდიოლას, მან კვირა დღე გოლფის თამაშში გაატარა.

„ვესტ ბრომვიჩთან” დამარცხებულმა ჟოზე მოურინიუმ კი პრეს-კონფერენციაზე თქვა: „ვფიქრობ, დამსახურებულად დავისაჯეთ, რადგან საქმის გართულების დიდოსტატები ვართ. მარტივად რომ ვთქვა, გუშინ ჩემს ფეხბურთელებს თამაში არ უნდოდათ.

 

წილი
წინა სტატიავიდალი ისევ დაშავდა
შემდეგი სტატიაარა!
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.