დიდი სადილის მაგიდა; სპორტული წიგნი, ბესტსელერი — შთაგონების წყარო და სამბა… აი, ჯერჯერობით ეს არის ბრაზილიის ნაკრების საიდუმლო იარაღი, რომლის მეშვეობითაც ხუთგზის ჩემპიონი ზაფხულისთვის ემზადება.

სელესაო მოსკოვშია, შეკრებაზე. აქ ის ორი ამხანაგური თამაშისთვის ემზადება: პარასკევს, 23 მარტს რუსეთს ხვდება, სამშაბათს, 27 მარტს კი ბერლინში გერმანიას.

ფაქტია, გუნდი შესანიშნავ განწყობაზეა. მაგიდასთან ყველანი ერთად სხედან, დაჯგუფებები არ შეინიშნება. ეს ფოტო თავის ინსტაგრამზე მარსელომ გააზიარა და სახელად „ოჯახი” დაარქვა.

მაგიდაზე წიგნები დევს. წიგნს გრძელი სათაური ჰქვია: Leading with the Heart: Coach K’s successful strategies for basketball, business and life’ by American college basketball coach Mike Krzyzewski. ეს გახლავთ ბესტსელერი, რომელიც პირველად 2000 წელს გამოვიდა და  კალათბურთის მწვრთნელის, ამერიკელი მაიკ კრჟიჟევსკის წარმატების საიდუმლოზე მოგვითხრობს. კრჟიჟევსკიმ აშშ-ს ნაკრები ხუთჯერ გახადა ოლიმპიური ჩემპიონი და „დიუკ უნივერსიტისც” ხუთჯერ მიიყვანა NCAA-ს ანუ კოლეჯთა შორის ჩემპიონის ტიტულამდე. მოკლედ, ეს გახლავთ ამერიკელი კაცის სახელმძღვანელო — როგორ უნდა გახდე ჩემპიონი. ვის-ვის და ამერიკელ კალათბურთელებს ეს საქმე დაეჯერებათ.

თავისუფალ დროს ბრაზილიელები, რომლებმაც თავადაც კარგად იციან ჩემპიონობისკენ მიმავალი გზების ამბები, მუსიკოს ფაბიო ბრაზასთან სამბას უკრავენ. მუსიკაში დანი ალვეში გამოირჩევა. „პარი სენ ჟერმენის” მცველმა სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოფინა ფოტოები და ვიდეო, თუ როგორ უკრავენ ბრაზასთან ერთად ის, ტიაგო სილვა და მარკინიოსი.

ბრაზილიის ნაკრები პირველი გუნდია, რომელმაც „რუსეთი 2018″-ზე თამაშის უფლება მოიპოვა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი შეჯიბრების ერთ-ერთი ფავორიტია და მეექვსედ აპირებს მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე ასვლას.

კენჭისყრამ ბრაზილიელები ჯგუფში შვეიცარიასთან, კოსტა რიკასთან და სერბიასთან მოახვედრა.

მონდიალის დაწყებამდე, 28 მაისიდან 8 ივნისამდე, სელესაო ლონდონში, „ტოტენჰემის” ბაზაზე მოემზადება. ინგლისში ყოფნისას, 3 ივნისს, ბრაზილიელები „ენფილდ როუდზე” ხორვატიას ესპარინგებიან. 10 ივნისს ვენაში დაგეგმილია შეხვედრა ავსტრიის ნაკრებთან.

რუსეთში ბრაზილიის ნაკრები სოჭში დაბანაკდება.