ესპანური „სპორტის” ცნობით, გასულ პარასკევს „რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს გუნდის მწვრთნელი ზინედინ ზიდანი დაუბარებია და გამოუცხადებია, რომ ბილბაოს „ატლეტიკიდან” მეკარე კეპა იყიდა. საუბარს თურმე მადრიდელთა გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესიც ესწრებოდა.

მეორე დღეს ანუ „რეალისა” და „სელტას” შეხვედრის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ზიდანმა გამოაცხადა: „მე ახალი მეკარე არ მჭირდება”. აშკარაა, რომ საქმე პრეზიდენტსა და მწვრთნელს შორის ურთიერთობის საბოლოო გაფუჭებასთან თუ არა, დაძაბვასთან მაინც გვაქვს.

რატომ დაიჩემა ზიდანმა ახალი მეკარე არ მჭირდებაო? მიზეზი პირადულია: მას „რეალში” მესამე მეკარედ თავისი ვაჟი, 19 წლის ლუკა ზიდანი ჰყავს. მოგეხსენებათ, „თეთრების” მთავარი გოლკიპერი კეილორ ნავასია, ხოლო სათადარიგოთა სკამზე კიკო კასილია ზის. კეპას დამატება ლუკა ზიდანისთვის ძირითადი შემადგენლობისკენ გზაზე დამატებითი წინაღობა იქნება.

კეპა არისაბალაგა რევუელტა

ლუკა ზიდანი მადრიდელთა მეორე გუნდში, „კასტილიაში” თამაშობს და როგორც „სპორტი” წერს გულშემატკივარს რამდენიმე უხეში შეცდომით დაამახსოვრა თავი, ხოლო 23 წლის კეპა ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, რომელიც უკვე ათამაშეს ნაკრებში.

ამბობენ, რომ ზინედინ ზიდანი შვილებს გამაღიზიანებლად ეხმარება. ლუკაზე უკვე ვთქვით. რაც შეეხება ენცოს, მამა მას „კასტილიას” შემადგენლობაში დაუმსახურებლად რომ ათამაშებდა მას მერე გამოჩნდა, რაც ის „ალავესში” გაუშვეს. სხვათა შორის, ენცო ფერნანდესი (დედის გვარია) „ალავესმაც” გაასხვისა. ახლა ის შვეიცარიულ „ლოზანაში” გამოდის.

მოგეხსენებათ, „რეალი” ლა ლიგაში „ბარსელონას” უკვე 16 ქულით ჩამორჩება. თუკი მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენთანაც” დამარცხდებიან, არ არის გამორიცხული პერესმა ზიდანი „რეალიდან” გაუშვას.