მადრიდის „რეალმა“ ბოლოს და ბოლოს შეძლო კრისტიან ვიერის ყიდვა, ოღონდ ძვირი დაუჯდა: 30 მილიონ დოლარს პლუს რობერტო კარლოსი, მიჩელ სალგადო და რაული. გარიგების თანახმად პირველი „იუვენტუსში“ გადავიდა, მეორე „მანჩესტერ იუნაიტედში“, ხოლო მესამე „ბარსელონაში“. 30 მილიონი „პარი სენ ჟერმენის“ ანგარიშზე ჩაირიცხა.

სანაცვლოდ, „ინტერმა“ „მიდლსბროში“ გაყიდა რონალდო, „არსენალშიც“ გაყიდა რონალდო და „პარმაშიც“ გაყიდა რონალდო, რასაც „ლაციოს“ ანგარიშზე 18,4 მილიონი დოლარი დაამატა. სამაგიეროდ, რომაელებმაც ჯუზეპე პანკარო და ალესანდრო ნესტა ერთი დღით ათხოვეს „ლივერპულს“, რომელმაც 14,3 მილიონად დაიტოვა მაიკლ ოუენი, რის გამოც „მარსელმა“ 12,6 მილიონი დოლარი გადაუხადა „პარი სენ ჟერმენს“, რომელმაც ნიკოლა ანელკა ზინედინ ზიდანსა და ლორან ბლანში გაცვალა, ხოლო პასუხად რონალდო ექვსი სეზონით „ინტერში“ გაანათხოვრა.

მაგრამ, პრობლემა ის გახლავთ, რომ მიჩელ სალგადო „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტის, ლორენსო სანსის სიძეა, ხოლო მადრიდელთა ახალ ბოსს ფლორენტინო პერესს სანსის გაგონებაზე ტანზე აყრის. ამიტომ, სალგადო ეყრება მეუღლეს და ხელახლა ქორწინდება, ოღონდ ამჟამად „ბარსელონას“ პრეზიდენტის, ხუან გასპარის მამიდაზე,რის შედეგადაც უკვე შეიძლება ბუდევინ ზენდენის „სევილიაში“ გაშვება, თუმცა იმ პირობით, რომ „პარმა“ ფაბიო კანავაროს კიდევ ორი წლის განმავლობაში არ მიჰყიდის „ინტერს“.

ვინაიდან „ინტერს“ ეს გეგმა ჩაეშალა, მან „იუვენტუსს“ მიჰყიდა რონალდო, „რომასაც“ მიჰყიდა რონალდო და „ფიორენტინასაც“ მიჰყიდა რონალდო, თუმცა დონატოს ფილიპ კოკუში გაცვლის შემდეგ „დეპორტივო ლა კორუნიას“ სტივ მაკმანამანისთვის „რეალში“ ხელფასის გაზრდის საშუალება მიეცა. საბოლოოდ „იუვენტუსმა“ „უდინეზეს“ ათხოვა ალესიო ტაკინარდი და „ბარსელონასგან“ ითხოვა დევიდ ბექემი, რომელიც კატალონიელებმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ „არსენალში“ გაუცვალეს. ამან „ინტერს ხელ-ფეხი გაუხსნა და მილანელმა „შავ-ლურჯებმა“ მიუნხენის „ბაიერნისგან“ 6,4 მილიონ დოლარად იყიდეს რონალდო.

რაც შეეხება „ბაიერნის“ სატრანსფერო პოლიტიკას, ის გაცილებით კონკრეტულია: „ბაიერნმა“ საკუთარი თავისგან იყიდა ბიქსენტე ლიზარაზუ, რომელიც საკუთარ თავსვე გაუცვალა ჯოვანი ელბერში. შედეგად „ინტერმა“ „ლიდსს“ მიჰყიდა რონალდო, „მილანსაც“ მიჰყიდა რონალდო და „ბარსელონასაც“ მიჰყიდა რონალდო, რადგან „პარმამ“ 6,5 მილიონი და სავო მილოშევიჩი საგადასახადო ინსპექციას დაუმალა და შედეგად „ნაპოლისთვის“ ზდენეკ ზემანის გამორთმევით დააჯარიმეს.

„მილანმა“ კი ამასობაში კიევის „დინამოს“ დაუბრუნა და გამოართვა ანდრეი შევჩენკო. მანვე მადრიდის „რეალს“ ოლივერ ბირჰოფი და 6 მილიონი დოლარი შეაძლია და გამოართვა მიჩელ სალგადო, რომელიც იძულებული გახდა ხუან გასპარის მამიდასთან განქორწინებულიყო და ცოლად სერჯო კრანიოტის პირველი ცოლის მეორე შვილი (მესამე ქორწინებიდან) ეთხოვა.

და ყველას დაავიწყდა, რომ ამ პერიოდში მიმდინარეობდა ევროპის ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, სადაც უკლებლივ ყველა შეხვედრაზე გამოცხადდა თბილისის ფ. კ. „მაგრები“ ენგელბერტ პონტელავას ხელმძღვანელობით (დიდება მას) და უეფას მარეგულირებელი წესების თანახმად, გადაეცა თასი, რომლის დაჯილდოების ცერემონიალიც კლუბის „ვისა შე ახვაროს“ სტადიონზე გაიმართება.

პაპუნა კედია

P.S. პიველი, მეორე, მესამე… მეათე ენერგობლოკების საყურადღებოდ: გატყუებენ!

2000 წლის 5 აგვისტო

 

 

წილი
წინა სტატიაკაცი ბრონქსიდან
შემდეგი სტატიამიკი მაუსი
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.