რობერტ (ბობი) ჩარლტონი

ოქროს ბურთის მფლობელი- 1967

დაიბადა 1937 წლის 11 ოქტომბერს ინგლისის ქალაქ აშინგტონში.

თავდამსხმელი

კლუბები: „პრესტონი“ (ინგლისი, 1952-53), „მანჩესტერი“ (ინგლისი, 1953-1973), „პერსტონი“ (1973-75)

ტიტულები: მსოფლიოს ჩემპიონი – 1966.

ნაკრებში 106 მატჩში

მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე – 1966. ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1968. ინგლისის ჩემპიონი – 1956, 57, 65, 67. ინგლისის თასი – 1963. ჩემპიონთა თასი – 1968.

გაიტანა 49 გოლი (1958-70).

რა თქმა უნდა, არიან მოთამაშენი, რომლებმაც ტიტულები მოიგეს, კვალი დაამჩნიეს თამაშის განვითარებას და ვარსკვლავებადაც იწოდებოდნენ. ასეთ მოთამაშეთა გამო ბიოგრაფიული წერილის დაწერა დიდი თავსატეხი არ არის, ჩაუჯდები და საჭირო მასალაც არ მოგაკლდება.

მაგრამ, არიან უმაღლესი კლასის ფეხბურთელები, რომელთა გამოც ერთი პატარა წერილის დაწერა მეტად საძნელო საქმეა.

უპირველსად იმიტომ, რომ თუკი რამ დაიწერება ასეთებზე, უეჭველად წიგნი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, ადამიანს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დარჩება.

ბობი ჩარლტონიც ამათ შორისაა და თუკი შეიძლება როგორმე, სამსვეტიან სტატიაში ჩაატიო მისი ამბავი, უეჭველად მისი კარიერის რომელიმე კუთხე უნდა აირჩიო. თუმცა, ამ შემთხვევაში ესეც საძნელო საქმეა.

და მაინც, შეიძლება ვცადოთ, რამდენიმე მეტყველი მაგალითით შევქმნათ სურათი ამ კაცისა.

რომ დაიბადა, ფეხბურთელობა შუბლზე ეწერა. ჩრდილოინგლისელი იყო, ჯორდთა ქვეყნიდან. მთელი მისი მოდგმა ფეხბურთელები იყვნენ: ბაბუა, მამა, ბიძები – ინგლისის დიდსა და პატარა კლუბებში გამოდიოდნენ. ოჯახისათვის მთავარი დღე შაბათი გახლდათ – ინგლისის ოთხივე ლიგის კალენდარული თამაშების დღე. დიდი და პატარა ან თამაშობდა, ანაც ქომაგობდა. ბობი და მისი ძმა ჯეკი გაიზარდნენ სახლში, რომლის ყოველ კედელზეც სახელოვანი ფეხბურთელების ფოტოები ეკიდა. პატარა ქალაქ აშინგტონში არ იყო მეორე ასეთი სახლი.

ბობის ბავშვობისდროინდელ ყოფაში მთავარი რამ სირბილი იყო. მამა მძლეოსნობის სექციას თავკაცობდა, ბობი დიდების მხარდამხარ დარბოდა და ძალიან სწრაფი იყო, თან გატაცებით თამაშობდა ფეხბურთს. 11 წლისა რომ შესრულდა, პრესტიჟულ მორპეტის გიმნაზიაში დაუპირეს შეყვანა, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა – როგორც ყოველ პრესტიჟულ სკოლაში, აქაც სავარჯიშო საგნად რაგბი ისწავლებოდა და არა ფეხბურთი. პატარა ბიჭმა თავისი გაიტანა, ის „ფეხბურთიან“ სკოლაში ჩარიცხეს.

მერე იყო და განთქმულმა სკაუტმა ჯო რამსტრონგმა შეამჩნია. ეს კაცი „მანჩესტერზე“, მატ ბასბიზე მუშაობდა. ხოლო ვინ იყო ბასბი, ყველას კარგად მოეხსენება. ეს ის კაცი იყო, ვინც ბრიტანეთს ათობით საერთაშორისო ვარსკვლავი გამოუზარდა. 15 წლის ბობი ჩარლტონს 18 კლუბისგან ჰქონდა მოწვევა. მან „მანჩესტერი“ აირჩია და არც შემცდარა. ამასობაში კი უსწავლელი დარჩა. პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომის გამო სკოლა ვერ დაასრულა…

„მანჩესტერი“ ის გუნდი იყო საფეხბურთო ევროპის დასაპყრობად რომ ემზადებოდა. ბრძენ მატ ბასბის მთელი ბრიტანეთიდან შეეყარა ყმაწვილები და მათგან ვარსკვლავებს ქმნიდა. ეს გუნდი უსაშინლეს ავიაკატასტროფას შეეწირა მსხვერპლად. რამდენიმე გადარჩენილს შორის ბობიც იყო, უკვე ძირითადის ფეხბურთელი. მოთამაშე, რომელმაც თავის პირველსავე შეხვედრაში გოლი გაიტანა…

რა ყაიდის მოთამაშე იყო ბობი ჩარლტონი?

არ შევცდებით თუ ასე ვიტყვით, რომ ბობი პირველი უნივერსალი გახლდათ მსოფლიო ფეხბურთში. თავიდან ის ფრთის მოთამაშე იყო. თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩილიში, სწორედ ამით დაამახსოვრა გულშემატკივრებს თავი. შემდეგ შუა მოედნისკენ გადაინაცვლა, ხოლო მას შემდეგ, რაც ინგლისის ნაკრებს ალფ რამსეი ჩაუდგა სათავეში, ჩარლტონი მომავალ მსოფლიო ჩემპიონთა ნამდვილი ხერხემალი შეიქნა…

იმ დროის ფეხბურთში მისნაირი ფიგურა თითქმის არ არსებობდა. ეს იყო ფართო დიაპაზონის ფეხბურთელი, შემკული გარემარბის სისწრაფითა და მჭრელი გადაცემით, ცენტრფორვარდის დარტყმით და პოზიციის გრძნობით, ნახევარმცველის ინტელექტით და გრძელი და მოკლე პასებით და მცველისთვის დამახასიათებელი თავგანწირვითა და ბურთის ართმევის ოსტატობით.

ახალი თაობა, რომელსაც არასოდეს უხილავს მოედანზე ბობი ჩარლტონი, კასეტებით უნდა დაკმაყოფილდეს. მრავალ ფილმში დარჩენილა მისი გოლები 60-იანი წლების მოხდენილი, ოსტატური გოლები, ადრე გამელოტებული კაცისა, რომელსაც მთელი მოედნის პყრობა შეეძლო.

მან მთელი კარიერა „მანჩესტერში“ გაატარა. ამ კლუბთან ერთად მოიგო ინგლისისა და ევროპის უმაღლესი ტიტულები. ნაკრებში 106-ჯერ ითამაშა და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. სიმბოლურია, რომ ნაკრების დაღმასვლა მაშინ დაიწყო, როცა ბობი ფეხბურთს გამოეთხოვა. ისიც სიმბოლურია, რომ ინგლისის ნაკრები სწორედ მაშინ წაიმტვრევდა ხოლმე ცხვირს, როცა ჩარლტონი არ თამაშობდა, ან რაღაც მიზეზის გამო შეეცვალათ. უმწვავეს ტკივილად მისთვის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი რჩება. ინგლისი 2:0-ს უგებდა გერმანიას და რამსეიმ მედიდურად შეცვალა ბობი. გასახდელიდან ამოსულ, შხაპმიღებულ ჩარლტონს ანგარიში 2:2 დაუხვდა. ის თამაში ინგლისელებმა წააგეს და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც დაკარგეს.

ძველი გაზეთიდან:

„ბობი ჩარლტონი ახლა ბევრად უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული უესებიო, ინგლისელთა მიერ პორტუგალიის დამარცხება უპირველესად ჩარლტონის დამსახურებაა. ეჭვი არ არის, რომ წლეულს კონტინენტს სხვა ლაურეატი ეყოლება. ამ ლაურეატის სახელი მილიონებისთვისაა ცნობილი – ბობი ჩარტონი“.

ის ასეთი მოთამაშე იყო – ეტყოდი მარცხენა ფლანგზე დადგებოდა, გაგიჭირდებოდა – მოედნის შუაგულს მიანდობდი. მოგესურვებოდა, მცველთა დამხმარედ გაამწესებდი. და თან, ის ნამდვილი სპორტსმენი იყო. სკანდალები არ გადახდენია, მსაჯებისთვის არ უგინებია, მთვრალი არავის უნახავს – რომ დაიბადა, შუბლზე დიდი ფეხბურთელობა ეწერა.

ის სანიმუშო იყო, ზოგჯერ გამაღიზიანებლად სანიმუშოც კი. იმ კლუბში, სადაც დენის ლოუ, ჯორჯ ბესტი და სხვა მხიარული ბიჭები თამაშობდნენ, ჩარლტონი თითქოს ბერად რჩებოდა. აბა წარმოიდგინეთ: „მანჩესტერმა“ ჩემპიონთა თასი მოიგო და გვარიანი ქეიფობაც გასწია. აბა რა გასაკვირია?

რეპორტიორებს გასაკვირად ის დაურჩათ, რომ ბანკეტზე არ იყო ზეიმის ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი, ბობი ჩარლტონი. ბობი დასაძინებლად წასულიყო. ძალიან ემოციური და დამღლელი მატჩი გვქონდა, დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ შაბათს ლიგის ბოლო ტური გვაქვს სათამაშო და თავს გვიან დაძინების (ორიოდ ჭიქის გადახუხვაზე არც იყო ლაპარაკი) უფლებას ვერ მივცემო.

ასე ესმოდა მას ფეხბურთელობა.

თავის დროზე მეტად გახმაურებული მისი წიგნი დღეს, შესაძლოა მოსაწყენადაც კი ეჩვენოს მკითხველს.

რატომ?

იმიტომ რომ ბობი ჩარლტონი ისე აღწერს თავის თავგადასავლებით აღსავსე საფეხბურთო ცხოვრებას, რომ შიგ ერთ მარილს არ ჩაურევს. ბობი ბევრად უფრო დიდი მონდომებით გვიამბობს ვარჯიშების, კეთილსინდისიერებისა და ასეთი რამეების გამო, ვიდრე იმ ბატალიების შესახებ, მოედანზე რომ გადახდენია.

პრინციპში, მისი ჩანაწერები წესრიგსა და კეთილგონიერებას უფრო ეხება, ვიდრე ფეხბურთს.

რომ ჩავუფიქრდეთ, ეს არც არის გასაკვირი – ის ფეხბურთს აღიქვამდა, ერთ მთლიან ისტორიად, რომელშიც უმნიშვნელო არაფერია.

ალბათ ამიტომაც გამოვიდა ასეთი – პირველი უნივერსალი.

7.10.1998

წილი
წინა სტატიამიკი მაუსი
შემდეგი სტატიასაჭირბოროტო კითხვა-პასუხი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.