გარეგნულად ის ნამდვილად არ ჰგავს მამაკაცს, რომლის სექს-თავგადასავლებზეც ლეგენდები უნდა იქმნებოდეს, ხოლო ყვითელ რეპორტიორებს რედაქტორები მის ლოგინში ჩახედვისთვის დიდ ჰონორარებს ჰპირდებოდნენ. არადა, ფაქტია: ინგლისში, სადაც ტაბლოიდებს ფრთები უსასრულოდ აქვთ გაშლილი და თუ რამეს წერენ, მართალია (სხვა ამბავია, რაც შეიძლება უხერხული იყოს) სვენ გორან ერიკსონზე ისეთებს წაიკითხავთ, ნებისმიერ მექალთანეს შეშურდება.

ინგლისელმა ჟურნალისტებმა მათი ნაკრების შვედი მწვრთნელის პირად ცხოვრებაში ცხვირის რაც შეიძლება ღრმად ჩასაყოფად ლამის მთელი ქვეყანა მოიარეს. შვედეთში ხომ იყვნენ და იყვნენ, სადაც ერიკსონის ნათესავებს და მოხუც დედას დასცინცლეს ქიცი და ქიცმაცური, შემდეგ ფლორენციაშიც ჩავიდნენ და მის ყოფილ მეუღლეს ესაუბრნენ მთისა და ბარის ამბებზე.

„ცხადია, ეს ყველაფერი საშინლად მომბეზრდა, მაგრამ ინგლისის ნაკრების მწვრთნელობას რომ ვთანხმდებოდი, ვიცოდი რაზეც მივდიოდი. დღეს ჩემი ცხოვრების ნებისმიერი წვრილმანი ხალხის თვალწინაა, გეგონება სახურავზე ვცხოვრობდე, მაგრამ მიუხდავად ამისა, არაფერს ვნანობ“- თქვა ერთხელ ასტრიდ ლინდგრენის ლეგენდარული კარლსონის თანამემამულემ. როგორც ჩანს ყველა შვედი ცოტათი სახურავზეც ცხოვრობს.

მაშ ასე, 2001 წლიდან ინგლისის ნაკრებს ინგლისელი კი არა, შვედი წვრთნის. არადა, ამბობენ, რომ მანამდე ალბიონზე ორი დაუწერელი კანონი მოქმედებდა: ვერავინ გაუძღვებოდა ნაკრებს ორ ციკლზე მეტხანს და გუნდის სათავეში უცხოელი ვერ მივიდოდა.

მაგრამ აი, დადგა თუ არა 21-ე საუკუნე, ინგლისური პრესა ასეთი სათაურებით აჭრელდა: „შვედებს ფეხბურთი თავად ვასწავლეთ და ახლა მწვრთნელებად ვიწვევთ?“…

„გერმანიას გერმანელი წვრთნის, ესპანეთს ესპანელი, თვით იტალიასაც იტალიელი წვრთნის და ჩვენ რა, შვედმა უნდა გაგვწვრთნას?“ – საინტერესოა, რომ ეს სიტყვები არც მეტი, არც ნაკლები პოლ გესქოინმა თქვა, ლოთმა ვარსკვლავმა, რომელსაც ნაკრებში მოხვედრა იმ დროს უკვე აღარ ემუქრებოდა. მოკლედ, სიტყვა რომ აღარ გაგვიგრძელდეს ასე ვთქვათ: ნაკრების სათავეში უცხოელის გამოჩენას ბევრი ცნობილი ინგლისელი შეებრძოლა. თვით ბობი და ჯეკი ჩარლტონების ჩათვლით, მაგრამ ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის მაშინდელმა თავმჯდომარემ ადამ კროიზერმა – სხვათა შორის ტომით შოტლანდიელმა – დაიჟინა და მორჩა.

ისე, ნურავის გაგვთქვამთ და იმასაც ამბობენ, რომ კროიზერის სიაში ერიკსონი ერთადერთი  უცხოელი არ იყო. სულო ცოდვილო და ასახელებდნენ ისეთ საშინელ ანუ ფრანგულ გვარ-სახელს, როგორიცაა არსენ ვენგერი, მაგრამ ეს ხომ ინგლისელი ერისთვის ნამდვილი შეურაცხყოფა იქნებოდა.

თუმცა, ჩვენ ჩვენი ვთქვათ: სვენ გორან ერიკსონი დაიბადა 1948 წლის 5 თებერვალს ქალაქ ტორსბიუში, მძღოლის ოჯახში. მომავალ მწვრთნელს ფეხბურთი ათი წლისას ჩაუვარდა გულში. საიდან ვიცით ასე ზუსტად? რა ცოდნა ამას უნდა, დაამატეთ მის დაბადების წელიწადს ათი და თქვენ შვედეთში, მსოფლიოს იმ ჩემპიონატზე მოხვდებით, რომელშიც საფეხბურთო დედამიწამ პირველად ნახა 17 წლის პელე, ხოლო ბრაზილია თავისი გარინჩათი და ორი სანტოსით, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. იმ ჩემპიონატზე  თავად შვედები მეორე ადგილზე გავიდნენ.

შემდეგ გამოხდა შვიდი წელიწადი და „ტორსბიუში“ გამოჩნდა ახალგაზრდა მარჯვენა მცველი მეტისმეტად გავრცელებული შვედური გვარით, ერიკსონი, რომელმაც მოედანზე ოცდაშვიდ წლამდე დაჰყო. თვითმხილველები ამბობენ, რომ იგი საკმაოდ სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი იყო, მაგრამ არ გაუმართლა, ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და… იმავე წელიწადს „დეგერფორსის“ მწვრთნელი გახდა.

კეთილი და პატიოსანი, „დეგერფორსი“ ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც მწვრთნელად ხარ დაბადებული და სამუშაოს „გიოტებორგი“ გთავაზობს, უარი ხომ არ უნდა თქვა? ჰოდა, ჩვენი წერილის გმირსაც არ უთქვამს უარი. შემდეგ კი შვედეთის ჩემპიონის ტიტული, ორგზის ადგილობრივი თასი და თვით უეფას თასიც მიიღო. უეფას თასის მოგებისთვის „გიოტებორგის“ ფეხბურთელები სამშობლოში ცხადია, გმირებად გამოაცხადეს ხოლო ერიკსონს ევროპულმა გუნდებმა შესთავაზეს გული და ფული. ასე გადავიდა შვედი ლისაბონის „ბენფიკაში“, რომელიც კვლავ უეფას თასის ფინალში გაიყვანა, ოღონდ ამჯერად ერიკსონის გუნდს ბრიუსელის „ანდერლეხტმა“ აჯობა. სამაგიეროდ კარიერაში ახალი აღმასვლის საშუალება გამოჩნდა – „რომა“. შვედმა ეს გამოწვევაც მიიღო და მართალია ორი

სეზონის შემდეგ ჯერჯერობით პირველად და უკანასკნელად სამსახურიდან გაათავისუფლეს, „რომას“ „ფიორენტინა“ მოჰყვა, სადაც მწვრთნელმა დიდი რობერტო ბაჯოს ამოქმედებაში შეიტანა თავისი წვლილი და სახალხოდაც დიდებული კაცის სახელი დატოვა.

„მისნაირი სასიამოვნო ადამიანი იშვიათია – ამბობს „გიოტებორგისა“ და „ფიორენტინას“ ყოფილი ფეხბურთელი  გლენ ჰიუსენი – ერთ შემთხვევას ვერ ვიხსენებ, ხმა აემაღლებინოს და ვინმე ნაწყენი დაეტოვებინოს. მას ყველასთან შეეძლო საერთო ენის გამონახვა. ერთხელ, სეზონისწინა შეკრების დღეებში, რომელიღაცა სამხრეთულ ქვეყანაში ყოფნისას, „გიოტებორგის“ რამდენიმე ფეხბურთელი ღამის ბარში წავედით და ვერ მოვზომეთ, კარგად გამომთვრალები ყაყან-ყაყანით დავბრუნდით უან. სვენს გაეღვიძა. გული გადაგვიტრიალდა. ყველაზე ცუდი გაგრძელებისთვის მოვემზადეთ, მაგრამ მან შემოგვხედა და სულ ეგ იყო. მის იმ მზერაში იმდენი რამ იდო, რომ მეორედ ასეთი არაფერი ჩამიდენია.

შემდეგ იყო ისე პორტუგალია, ისევ „ბენფიკა“ და ისევ ფინალი, ოღონდ ამჯერად უეფას კი არა, ჩემპიონთა თასის სადაც სვენის გუნდმა მარკო ვან ბასტენის, რუუდ გულიტის, ფრანკ რაიკარდის – ანუ არიგო საკის – დიდ „მილანს“ ვერ მოუგო, რაშიც გასაკვირი არაფერია. საბოლოოდ კი ერიკსონმა ერთხელაც მოიპოვა პორტუგალიის ჩემპიონის ტიტული და იტალიაში დაბრუნდა. „სამპდორიაში“ მივიდა, რომელსაც ქვეყნის თასი მოაგებინა და იქიდან ისევ რომში, ოღონდ ამჯერად „ლაციოში“ გადაბარგდა და ისევ შედეგი. თასების მფლობელთა თასი და სკუდეტო – იტალიის ჩემპიონობა.

ამასობაში კი 2001 წელიც მოვიდა , ხოლო ეს, შეგახსენებთ ის თარიღია რომლის შემდეგაც ინგლისის ნაკრებს ისტორიაში პირველად უცხოელი ხელმძღვანელობს.

26.04.2005