იტალიური სააგენტოებისა და გაზეთების ცნობით, „რომამ“, „მილანმა“, „ლაციომ“, „იუვენტუსმა“, „ინტერმა“, „პარმამ“ და „ფიორენტინამ“ ბრაზილიელი თავდამსხმელის სველიო ზარბაზინიო დე სოუზას ყიდვა მოინდომეს. სერია A-ს გუნდები ფეხბურთელში თავიანთ და იტალიის ბიუჯეტს იხდიან, მაგრამ მოლაპარაკება ჯერჯერობით ჩიხშია შესული, რადგან სველიო ზარბაზინიოს გუნდი „ვასკუ, გამა და დუ ბრაზილ“ ადრე ნათქვამ თანხას ცენტსაც არ აკლებს. რა თქვა ადრე ბრაზილიურმა კლუბმა, უცნობია.

ცნობამ შესაძლო ტრანსფერის თაობაზე ჩამოთვლილ კლუბთა მოთამაშეებს შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მათ ეჭვი გაუჩნდათ, რომ „ვასკუ, გამა და დუ ბრაზილისთვის“ ასეთი თანხის გადახდის შემთხვევაში, იტალიაში მათთვის გასაცემი ხელფასების ფული აღარ დარჩება. ამ საკითხთან დაკავშირებით, სერია A-ს კორუფციასა და ვენერიულ დაავადებებთან ბრძოლის განყოფილების უფროსმა ფულიო მეძავიმ განაცხადა:

– ჩვენ ვიმსჯელეთ ფინანსური კრიზისის თაობაზე და პროგრესულ გადაწყვეტილებამდე მივედით. თუ სერია A-ს დაინტერესებული კლუბები „ვასკუ, გამა და დუ ბრაზილს“ სველიო ზარბაზინიოში მოთხოვნილ თანხას გადაუხდიან, ჩვენ გავაუქმებთ სახელფასო ფონდებს, რის შედეგადაც ყველაფერი მოწესრიგდება. ფეხბურთელებს ეცოდინებათ, რომ კაპიკის გადამხდელები არ ვართ და მშვიდად გააგრძელებენ თამაშს.

მოგვიანებით გამოითქვა ეჭვი, რომ ბრაზილიელის ყიდვაში იტალიურ კლუბებს კონკურენცია შეიძლება ინგლისურმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გაუწიოს, თუმცა ეს ხმა იმავე საღამოს უარყო მანჩესტერელთა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა. მან ბრძანა:

– „მანჩესტერ იუნაიტედს“ მკაფიო სატრანსფერო პოლიტიკა აქვს და მის შეცვლას არ აპირებს. ჩვენ არ გავყიდეთ დევიდ ბექემი, რომლის ცოლი ვიქტორია ადამსი ცნობილი მომღერალია. შევიძინეთ ფრანგი მეკარე ფაბიენ ბარტეზი, რომლის საყვარელი ტოპ-მოდელი ლინდა ევანჯელისტაა. ახლა ვაპირებთ კლუდია შიფერის და შერონ სტოუნის ბოიფრენდების შეძენასაც. ასე რომ, ბრაზილიელი ზარბაზინიო, რომლის ერთი მამა ციხეში ზის, მეორე ლოთია, მესამე წლინახევრის წინ ჩხუბში დანით მოკლეს, დედის ვინაობა კი უცნობია, არაფრად გვჭირდება.

მეორე დილით იტალიურ გაზეთებში ახალი ცნობა გავრცელდა, თითქოს „იუნაიტედის“ დირექტორატის წევრები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ჯულია რობერტსთან და მონაკოს პრინცესა სტეფანიასთან, რათა ისინი სველიოს გელფრენდები გახდნენ და ამით ბრაზილიელი ფორვარდი ინგლისური გუნდის ინტერესის სფეროში შევიდეს. ეს ცნობა თავის წილ გაბათილებას ელის.

და ბოლოს საკუთრივ სველიო ზარბაზინიო დე სოუზას შესახებ: ვარაუდობენ, რომ ის 22 წლისაა, რიოს შტატის ძნელად აღსაზრდელ ბავშვთა სკოლების პირველობაზე 37 შეხვედრაში გატანილი აქვს 26 გოლი, ფინტით მოტყუებული ჰყავს 16 მცველი, კარგად კენწლავს მარცხენა ნესტოთი და კუდუსუნით, ცნობს ანბანის 6 ასოს, ყველაზე მეტი 100 რიალი მოუპარავს, ბებიამისისთვის ყიდულობს მარიხუანას, რომელსაც თვითონ არ ეწევა, ბავშვობიდან ჰყავს შეყვარებული ტერეზა ლუიზა და მისი 6 წლის შვილი წინა 4 ქმრისგან. კერპთაყვანისმცემელია (მისი კერპია რონალდო), საყვარელი მულტფილმია „სიმპსონები“.

პაპუნა კედია

P.S. ქართულ ტელეკომპანიებს ვთავაზობთ გადაცემათა ციკლს „მე რომ მინისტრი ვიყო“. გადაცემის სცენარი: კადრში ჩანს ხელების ფშვნეტა, კადრს მიღმა ისმის: „უჰ! უჰ! უჰ!“

2000 წლის 19 ივლისი