მაურიციო მიკელი

ბოლო წლებში „ნაპოლის’’ დიდი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი უთუოდ არის კლუბის სკაუტინგის ხელმძღვანელი მაურიციო მიკელი, რომელმაც 2018 წლიდან მოყოლებული „აძურის’’ რამდენიმე საჭირო ფეხბურთელი უპოვა. მიკელი მერვე წელია რაც ვეზუვისქვეშეთში მუშაობს, მაგრამ თუ ფაბრიციო რომანო მართალს ამბობს, ის მალე „არსენალში’’ გადაბარგდება, სადაც სპორტული დირექტორის ანდრეა ბერტას ხელძღვანელობით იმუშავებს.

ბერტა ლონდონში 30 მარტს გადავიდა, მანამდე ათი წელიწადი მადრიდის „ატლეტიკოში’’ იყო. სწორედ მას გადაჰყავს მიკელი ინგლისის დედაქალაქში. იტალიაში წერენ, რომ „არსენალს’’ მმართველი გუნდის გაძლიერება სჭირდება, რადგან ჯეისონ აირო თანამდებობას ედუს წასვლის შემდეგ დროებით იკავებდა და შესაბამისად წავიდა. ახლა მიკელი შეუერთდება სამუშაო ჯგუფს, რომელსაც სათავეში ტექნიკური დირექტორი ჯეიმს ელისი ჩაუყენეს.

მაინც რომელი ფეხბურთელები იყიდა „ნაპოლიმ’’ მაურიციო მიკელის რჩევით? კიმ მინ-ჯაე, რომელიც „სტადიო მარადონაზე’’ 2022 წელს „ფენერბაჰჩედან’’ 18.05 მილიონ ევროდ გადაბარგდა, ერთი წლის მერე კი „ბაიერნში’’ 57 მილიონად გაიყიდა და… calciomercato-ს მტკიცებით ხვიჩა კვარაცხელია. შეგახსენებთ, რომ ქართველი, რომლის აღმოჩენას უკვე ბევრი მწვრთნელი, სკაუტი თუ მენეჯერი იჩემებს, „ნაპოლიმ’’ 2022 წელს 10 მილიონ ევროდ იყიდა და 2025 წლის იანვარში 70 მილიონად „პარი სენ ჟერმენს’’ მიჰყიდა. როგორც კიმმა ასევე კვარაცხელიამ 33 წლიანი პაუზის შემდეგ „პარტენოპეელთა’’ მიერ სკუდეტოს მოპოვებაში დიდი როლი ითამაშეს.