ბრიტანეთს covid 19-ის ახალი შტამი „ომიკრონი“ უტევს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ადრე თუ გვიან აუცრელ ფეხბურთელებს თამაშს აუკრძალავენ. ჯერჯერობით, მთავრობამ კოვიდის საწინააღმდეგო B გეგმა აამუშავა.
ამ გეგმის თანახმად შემდეგი ოთხშაბათიდან, სტადიონებზე მხოლოდ იმ გულშემატკივარს შეუშვებენ, ვინც აცრის პასპორტს წარადგენს. გარდა ამისა, როგორც მოგახსენეთ ამბობენ, რომ მზადდება რეგულაცია, რომლის მიხედვითაც თუ ფეხბურთელი ორჯერ არ არის აცრილი, მოედანზე ვერ გავა.
სტატისტიკა ასეთია: პრემიერლიგის მოთამაშეთა 81% ერთხელ არის აცრილი, ხოლო 68% — ორჯერ.
ორი თვის წინ, სურათი გაცილებით მძიმე იყო, მაგრამ ცალკეულმა კლუბებმა ჯიუტ ფეხბურთელებს კატეგორიულად მოთხოვეს აცრა. ამის მიუხედავად, ანტივაქსერ მოთამაშეებს მდგომარეობიდან გამოძრომის საშუალება მაინც ჰქონდათ (და დღემდე აქვთ) — თამაშის წინ PCR ტესტს იკეთებენ და თუ უარყოფითი პასუხი მოუვათ, მოედანზე გადიან.
არ არის გამორიცხული, ეს გზა ჩახერგონ.
პრემიერლიგაში განიხილეს NBA-ს მაგალითი, სადაც აშშ-ს ხელისუფლებას კალათბურთის ვარსკვლავებისთვის „აცრის მანდატის“ შემოღება უნდოდა. „ბრუკლინ ნეტსის“ ანტივაქსერი ვარსკვლავი კაირი ირვინგი კი ნიუ იორკის შტატის რეგულაციების გამო, თამაშით კი არა, ვარჯიშითაც ვეღარ ვარჯიშობს.
გერმანიაში აუცრელ ფეხბურთელებს რომლებსაც კოვიდი დაემართათ ხელფასები დაუქვითეს.
თუმცა, ინგლისში ჯერჯერობით კატეგორიულ ზომებს მაინც სიფრთხილით ეკიდებიან და თუ ფეხბურთელი ორჯერ აცრილი არ არის, მას PCR ტესტის ძალიან ხშირად გაკეთებას სთხოვენ.
მეორე მხრივ, ვითომ აუცრელი ფეხბურთელებისთვის თამაშის შესაძლო აკრძალვის ამბავმა პრესაში შემთხვევით გაჟონა?
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის კლუბებში ძალიან ბევრი არაბრიტანელი ფეხბურთელია და აუცრელთა დიდი წილი სწორედ მათზე მოდის.
