გინდათ ნახოთ, როგორ მღერის დაშავებული ლეონარდო სპინაცოლა საავადმყოფოში იტალიის ჰიმნს? როგორ ასწავლის თავის მცირეწლოვან ვაჟ მატიას ქვეყნის მთავარი მელოდიის მღერას? ეს ყველაფერი ქვემოთ, ვიდეოზეა.
„რომას” 28 წლის მარცხენა მცველი ევრო 2020-ზე იტალიის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო, რომელმაც ყურადღება თავის ფრთაზე დაუღალავი, სწრაფი რეიდებით მიიპყრო, მაგრამ, მეოთხედფინალში, ბელგიის ნაკრებთან თამაშის დროს, მეტისმეტი დატვირთვისა თუ სხვა მიზეზის გამო, აქილევსის მყესი დაიზიანა და საოპერაციო შეიქნა.
ახლა, სპინაცოლას ნახევარი წელიწადი გაუცდება, რაც „რომას” ახალი მწვრთნელისთვის, ჟოზე მოურინიუსთვის დიდი დარტყმაა. თავად ნაოპერაციევი ფეხბურთელი კი ეტყობა, ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის ემოციით არის შეპყრობილი და „სკუადრა აძურას” თანაგუნდელებს, საავადმყოფოს პალატიდან, ოჯახის წევრებით გარშემორტყმული ამხნევებს.
ვიდეო, რომელსაც აქ გთავაზობთ, წუხელ, ესპანეთთან ნახევარფინალური შეხვედრის დროს, პენალტების სერიის წინ არის გადაღებული და სოციალურ ქსელში დადებული. იტალიისა და ესპანეთის შეხვედრა 1:1 დასრულდა, პენალტებით კი იტალიამ გაიმარჯვა და ახლა, ფინალში, ინგლისსა და დანიას შორის გამარჯვებულს ელის.
მოურინიუს კი, ამასობაში, ევროპის ჩემპიონატის ემოციებისთვის არ სცხელა და „სტადიო ოლიმპიკოზე” სპინაცოლას შემცვლელს ეძებს. მას თვალი „რეალის” ვეტერან ბრაზილიელზე, მარსელოზე დაუდგამს. გამოუვა ამ გეგმიდან პორტუგალიელს რამე თუ არა, არავინ იცის, რადგან მარსელო „რეალიდან” სერხიო რამოსის წასვლის შემდეგ მადრიდელთა კაპიტანი გახდა და ახალი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მასზე იმედს ამყარებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
მთავარი ამბავი27/06/2026 | 08:39კაპე ვერდე: გამოუშვით არგენტინა!
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
