გასულ უქმეებზე საფრანგეთისა და ინგლისის სარაგბო ჩემპიონატებში მორიგი ტური გაიმართა. ევროპის ამ უძლიერეს შიდა ტურნირებში 3 ქართული ლელო დაფიქსირდა: ერთი ტოპ 14-ში და ორიც – პრო დ2-ში.

ტოპ 14

„ტულონის“ ახალი წლის დადგომამდე ლიდერთა შორის იყო, მაგრამ ბოლო 6 მატჩიდან 5-ის წაგების პირობებში ფრანგული რაგბის გრანდი ცხრილში მე-11 ადგილამდე ჩამოქვეითდა და რეგულარული სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე საპლეიოფო ზონას უკვე 7 ქულით ჩამორჩება. თამაშის გამოსწორების სურვილით კლუბის ხელმძღვანელობამ შემადგენლობაში კორექტივების შეტანა გადაწყვიტა და ზედიზედ მესამედ მიხეილ შიოშვილს ენდო.

8 ნომრის პოზიცია რაგბში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და ტულონელებმა ამ ფუნქციის შესრულება 19 წლის ბორჯღალოსანს დააკისრეს. ჰოდა, ზორბა ქართველმა პერპინიანში მშვენივრად ითამაშა, „ტულონში“ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო და ეფექტური ლელოც გაიტანა. 51-ე წუთზე, როცა „ტულონმა“ მასპინძელთა კარის პირისპირ 5-მეტრა წყვეტილთან ჯარიმა მარცხნივ გაათამაშა, ბურთი მიხეილ შიოშვილს მიუვიდა და ნორჩმა გიგანტმაც კისერზე ჩამოკიდებული ორი კატალონიელის შეუმჩნევლად, ლელოში შევარდნა და ბურთის დამიწება მოახერხა. ეს იყო შიოშვილის პირველი ლელო საკლუბო პროფესიულ რაგბში, თორემ ეროვნულ ნაკრებში მას ლელოების ნგარიში სამიოდე კვირის წინ გაეხსნა. მოვლენებს სულაც არ გავუსწრებთ, თუ ვიტყვით, რომ სარაგბო სამყარო ახალი ვარსკვლავის დაბადების მოწმეა, თანაც ახალგაზრდულ დონეზე მიხეილს თავისი უნიკალურობა შარშანაც ჰქონდა დამტკიცებული.

„ტულონმა“ 20:36 წააგო და მე-11 ადგილზე ჩამოგორდა. ლიდერად კი ჩემპიონი „ტულუზი“ რჩება, რომელმაც „მონპელიეს“ 45:27 სძლია. წაგებულთა შორის ტრავმამოშუშებული ნიკა აბულაძე გამოჩნდა, „მონპელიე“ კი 57 ქულით მეხუთე ადგილზე დაეშვა.

მეორეზე „პო“ დაბრუნდა, რომელმაც თავისი სამივე ქართველის დახმარებით „რასინგ-92“ 27:17 დაამარცხა. სხვათა შორის, ლექსო ყაულაშვილმა ტოპ 14-ში 175-ედ ითამაშა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ლევან ჩილაჩავას ჩამორჩება.

მესამე საფეხურზე „სტად ფრანსე“ ავიდა, რომელიც „პოს“ ქულების სხვაობითღა ჩამორჩება. გიორგი მელიქიძე სასტარტოში იყო, ხოლო მისმა გუნდმა გიორგი ძმანაშვილის „კლერმონს“ ბონუსით – 64:20 აჯობა.“კლერმონი“ მეექვსეზე დარჩა.

ზემოთხსენებული „პერპინიანი“ კვლავ ბოლოსწინაზეა, თუმცა მაჩანჩალა „მონტობანს“ უკვე 16 ქულით დაცილდა.

პრო დ2

„მონ-დე-მარსანმა“ სამივე ქართველითურთ კარკასონში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა – 29:28. იოანე იაშაღაშვილიც, ვლადიმერ ჩაჩანიძეც და ლუკა გოგინავაც თავისი გუნდის სასტარტოში იყვნენ და როცა 50-ე წუთზე ლუკამ ლელო გაიტანა, პირველებმა იომ და ლადომ მიულოცეს. ეს იყო გოგინავას მეორე ლელო მიმდინარე სეზონში, სულ კი მის ანგარიშზე პრო დ2-ის 164 მატჩში 11 ლელოა.

პრო დ2-ის 24-ე ტურში კიდევ ერთი ქართული ლელო დაფიქსირდა: ნაკრებიდან „ბრივში“ დაბრუნებულმა გიორგი შველიძემ ანგულემის მატჩის მე-16 წუთზე სეზონში პირველად იზეიმა ლელო, რომელიც მის პროფესიულ კარიერაში მე-4 გახლდათ პრო დ2-ის 34 მატჩში.

პრემიერშიპი

ბაჩუკი ჭუმბაძის „ექსეტერმა“ ნიუკასლში 38:14 იმარჯვა, ბონუსიც მიითვალა და მე-4 საფეხურიც შეინარჩუნა. ბორჯღალოსანმა ბურჯმა ბოლო ნახევარი საათი ითამაშა.

https://www.youtube.com/watch?v=I1kPi8UuvfI