„რეალმა’’ „ელჩეს’’ 4:1 მოუგო. ეს იყო ულამაზესი გოლების მატჩი, რომელთაც ვიდეოში გთავაზობთ. მადრიდელები ლიდერ „ბარსას’’ მისდევენ, მეორე ადგილზე არიან. 28-ე ტურის შეხვედრის წინ მწვრთნელ ალვარო არბელოას ათი ფეხბურთელი ჰყავდა დაშავებული. მათ რიცხვში იყვნენ წამყვანი მოთამაშეები კილიან მბაპე, როდრიგო, ედერ მილიტაო, რაულ ასენსიო და ფერლან მენდი. როგორც „მარკა’’ იტყობინება არბელოამ „ელჩესთან’’ შეხვედრის წინ ოთხ ავტორიტეტულ ფეხბურთელთან მოაწყო ეგრეთწოდებული საგანგებო კრიზისული თათბირი. ეს ფეხბურთელები არიან ფედერიკო ვალვერდე, ვინისიუს ჟუნიორი, ანტონიო რუდიგერი და აურელიენ ჩუამენი. როგორც ირკვევა ამ თათბირის მიზანი მაქსიმალური ინფორმაციის მოკრება და გაანალიზება იყო, რათა მომავალში ასეთი ტრავმიანობა გამოირიცხოს.

კრიზისული თათბირის მონაწილეთაგან ერთმა, ვალვერდემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტისთან’’ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა, ამჯერადაც შესანიშნავი გოლი გაიტანა, თუმცა მატჩის ყველაზე ეფექტური და მოულოდნელი გოლი რასაკვირველია არდა გიულერისა იყო.

და კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ესპანურმა მედიამ ყურადღება მიაქცია: არბელოამ „ელჩესთან’’ შეხვედრაში „საბავშვო ბაღი’’ გახსნა ანუ მეორე ტაიმში მოედანზე ერთდროულად „რეალის’’ აკადემიის ხუთი ფეხბურთელი ვიხილეთ. ეს ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის ახალი წესის წყალობით გახდა შესაძლებელი. კერძოდ, ადრე გუნდს შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე სულ მცირე შვიდი ფეხბურთელი პირველი გუნდის განაცხადიდან უნდა ჰყოლოდა. ანუ, თუ რომელიმე მათგანი დაშავდებოდა ან წითელ ბარათს მიიღებდა, მოედანზე უნდა შესულიყო ვინმე იმავე სიიდან, ახლა კი მწვრთნელს უფლება აქვს აუცილებლობის შემთხვევაში (პირველი გუნდის მოთამაშის დაშავება ან გაძევება), მოედანზე ოთხზე მეტი „აკადემიის მოსწავლე’’ ჰყავდეს. ახალი წესი აშკარად იცოდა არბელოამ, რომელმაც „ელჩესთან’’ შეხვედრის მეორე ტაიმში იანესს, აგუადოს, პალასიოსს და მანუელ ანხელს ტიაგო პიტარჩიც დაამატა.