მამარდაშვილს ალბათ მომავალ სეზონშიც თადარიგში ჯდომა მოუწევს

„ლივერპულმა’’ ალისონის კონტრაქტის ის პუნქტი გაააქტიურა, რომლის თანახმადაც ბრაზილიელი მეკარე კიდევ ერთი წლით „ენფილდზე’’ დარჩება. ალისონმა ხელშეკრულება 2021 წელს გააფორმა და ინგლისური კლუბისთვის ექსკლუზიური უფლების მინიჭებას მაშინ დათანხმდა. ერთხელაც გავიმეოროთ: „ლივერპულს’’ უფლება ჰქონდა გოლკიპერისთვის ცალმხრივად ერთი წლით გაეხანგრძლივებინა თანამშრომლობის ვადა. მერსისაიდელები ასე რომ არ მოქცეულიყვნენ ბრაზილიელი 30 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდებოდა. ეს ინფორმაცია ალისონის აგენტმა ზე მარია ნეშმაც დაადასტურა.

ალისონმა ერთი ხნის წინ თავადაც გამოთქვა იმ კლუბში დარჩენის სურვილი, სადაც 2018 წელს „რომადან’’ 65 მილიონ გირვანქად გადავიდა და ეპოქა შექმნა. 33 წლის ფეხბურთელმა „წითლების’’ შემადგენლობაში ყველა შეჯიბრებაში 330 თამაში ჩაატარა. ერთადერთი, რაც მას ამ ხნის განმავლობაში აბრკოლებდა კუნთის ტრავმის პერიოდული რეციდივი იყო, რომლის გამოც გასულ კვირაში ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრაც გამოტოვა. სტამბოლში მის ნაცვლად გიორგი მამარდაშვილმა ითამაშა.

ალისონის „ლივერპულში’’ კიდევ ერთი წლით დარჩენა იმას ნიშნავს, რომ თუ ის კვლავ არ დაშავდება, ქართველ მეკარეს მომავალ სეზონშიც სკამზე მოუწევს ჯდომა.