
ბოლო რამდენიმე თვეა მსოფლიოში გამალებით ისმის ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს კრიტიკა. ბევრს აღიზიანებს მისი ახლო ურთიერთობა პოლიტიკოსებთან, განსაკუთრებით აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ამბობენ, რომ ინფანტინო დიდი პოლიტიკის კულუარებში ძრომით უფროა დაკავებული, ვიდრე ფეხბურთის ფასეულობებზე ზრუნვითა და მათი შენარჩუნებით. არ მოსწონთ მისი უკიდურესი სიფრთხილე მსოფლიოში მიმდინარე მსხვილ პოლიტიკურ და სამხედრო კონფლიქტებთან დაკავშირებით. მართალია მან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მალევე შემოიღო სანქციები რუსეთის ნაკრებისა და კლუბების წინააღმდეგ, მაგრამ ღაზას სექტორში გაღვივებულ კონფლიქტთან დაკავშირებით თავშეკავებულია, რის გამოც ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებენ. ინფანტინოს კრიტიკა არც ირანის გამო აკლია, სადაც ქალ ფეხბურთელთა უფლებები ირღვევა, ის კი დუმს. ის არც თებერვლის აქციებზე 30 000 ადამიანის დახოცვას აღუშფოთებია, პროტესტის ნიშნად ირანის ნაკრები არ დაუსჯია.
მოკლედ რომ ვთქვათ, ინფანტინო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ხეირს ეპოტინება, მორალურ მხარეზე კი ნაკლებად ზრუნავს. გავიხსენოთ თუ გნებავთ ყატარში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მიგრანტი მუშების ექსპლოატაციის ამბავი. პლუს, ფულს გამოდევნებული ინფანტინო ზრდის და ზრდის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილე გუნდების რაოდენობას. არას დაგიდევთ გადატვირთულ კალენდარსა და ფეხბურთელების ჯანმრთელობას.
ჯანი ინფანტინო მიშელ პლატინის გენერალური მდივანი იყო, როდესაც ეს უკანასკნელი უეფას პრეზიდენტი გახლდათ. პლატინიმ მის შესახებ RMC Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.
„ის ჩართულია პოლიტიკაში, მაგრამ ვფიქრობ კარგად არ გამოსდის. ინფანტინო კარგი ადმინისტრატორია, თუმცა ქარიზმატული ადამიანი არ არის. არც ის მგონია, რომ რასაც ლაპარაკობს სწორად ლაპარაკობს, მაგრამ როდესაც ჩემი გენერალური მდივანი იყო, მეორე კაცობას მშვენივრად წევდა. როდესაც თავისი კანდიდატურა წამოაყენა, მე მისი გაპრეზიდენტების მომხრე არ ვიყავი, რადგან არ მგონია, რომ ფეხბურთს მისი მსგავსი პრეზიდენტები სჭირდება, მაგრამ ის ფეხბურთში უზომოდ არის შეყვარებული. ინფანტინოს ცოტა სძინავს და ბევრს მუშაობს.
პრეზიდენტობას სხვა თვისებები სჭირდება. ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, ათი ნომერი უნდა იყო. ინფანტინო კი მდიდარი და გავლენიანი ხალხის ფანია. ყოველთვის ასეთი იყო. როდესაც ის ჩემს გენერალურ მდივნად მუშაობდა, ჩემი პრობლემებით ისარგებლა და კარიერა მოიწყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ვნება მომაყენა. ვერც იმას ვიტყვი, რომ მას ჩემი ჩაძირვა იმთავითვე ჩაფიქრებული ჰქონდა. სასამართლოს გადამცა, რადგან არ უნდოდა, რომ უეფაში დავბრუნებულიყავი, მაგრამ ჩემ წინააღმდეგ კამპანია მას არ აუგორებია’’, ― თქვა „ოქროს ბურთის’’ სამგზის ლაურეატმა.