
„ჩელსისთან’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „პარი სენ ჟერმენის’’ პორტუგალიელი მცველისთვის ნუნუ გომეშისთვის ყვითელი ბარათის მიღება შემდეგი მატჩის გამოტოვებას ნიშნავს. გომეშს უკვე აქვს ორი ყვითელი. აქამდე ის გასვლით შეხვედრებში გააფრთხილეს: „ბარსელონასთან’’ (2:1) და „ბაიერნთან’’ (1:2).
პარიზელთა მეტოქის ბანაკში კი რისკის ქვეშ ორი ფეხბურთელია. ესენია ანდრეი სანტოსი და ენცო ფერნანდესი. არგენტინელი ფერნანდესი ის ფეხბურთელია, რომელიც მიმდინარე სეზონში ლონდონელებმა ყველაზე მეტჯერ ათამაშეს.
შეგახსენებთ, რომ რეგულაციის თანახმად ყვითელ ბარათებს ძალა მეოთხედფინალში ეკარგებათ და ნახევარფინალში აღარ გადადის. პსჟ-სა და „ჩელსის’’ შეხვედრის მსაჯია ესპანელი ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი, რომელიც ყვითელი ბარათების ფრიალით არ გამოირჩევა.
43 წლის არბიტრს მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგაში ერთ მატჩში ერთ ფეხბურთელზე მეტი არ გაუფრთხილებია.
როგორ აქვს ერნანდეს ერნანდესის მსაჯობა დაცდილი „პარი სენ ჟერმენს’’? არანაირად. ის პირველად მოემსახურება პარიზელთა თამაშს. „ჩელსის’’ თამაშზე კი ესპანელი დეკემბერში იყო დანიშნული, როდესაც დასავლეთ ლონდონის გუნდმა ბერგამოში „ატალანტასთან’’ 1:2 წააგო.
ერნანდეს ერნანდესისთვის ეს იქნება კარიერაში ნოკაუტის ეტაპის მეორე შეხვედრა. პირველად ის ფლეი ოფში, 24 თებერვალს „ინტერისა’’ და „ბოდო გლიმტის’’ თამაშს მოემსახურა. კანარის კუნძულებზე დაბადებულ-აღზრდილ არბიტრს 2012 წლიდან ესპანეთში 250 შეხვედრა აქვს ნამსაჯი.
ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი საფრანგეთში კარგად „მარსელის’’ გულშემატკივრებს ემახსოვრებათ, რადგან 2022 წლის ოქტომბერში ის სჯიდა მათი გუნდის თამაშს „სპორტინგთან’’, რომელშიც ესპანელმა არბიტრმა პორტუგალიური გუნდის ორი ფეხბურთელი გააგდო და „მარსელის’’ სასარგებლოდ პენალტი დანიშნა.
ერნანდეს ერნანდესს შარშან მაისში „ელ კლასიკოს’’ გაძღოლა მოუხდა. მატჩის წინ „რეალის’’ ტელევიზიამ მასზე გააკეთა სიუჟეტი, სადაც ბავშვობიდან „ბარსელონას’’ გულშემატკივარი უწოდა.





