Nuno Mendes of Paris Saint Germain, Lamine Yamal of FC Barcelona, Vitinha of Paris Saint Germain during the UEFA Champions League match between FC...„პარი სენ ჟერმენი’’ და „ბარსელონა’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს ასცდნენ, მაგრამ ევროპული ფეხბურთის ისტორიის ამ ეტაპზე ამ ორ კლუბს შორის მეტოქეობა წამითაც არ წყდება. 15 მარტის არჩევნებით დაკავებული „ბარსას’’ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მოგეხსენებათ ზედიზედ მეოთხედ აპირებს კატალონიური კლუბის თავკაცის სავარძლის შენარჩუნებას და გამალებული აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას. მისი მთავარი კონკურენტია ბიზნესმენი ვიქტორ ფონტი.

კლუბის წინაშე თავისი დამსახურების ხაზგასასმელად 63 წლის ლაპორტამ გაიხსენა, თუ როგორ დაიცვა ლამინ იამალი „პარი სენ ჟერმენის’’ კლანჭებისგან. მან თქვა:

„ეს ჩემი პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მომენტია. პსჟ-მ მასში 250 მილიონი ევრო შემოგვთავაზა და ჩვენ უარი ვუთხარით’’.

ეს მოხდა 2024 წლის ზაფხულში, როდესაც პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლუის კამპოსმა იამალის გადასაბირებლად მართლა მოსინჯა ნიადაგი. პარიზული კლუბი მსოფლიო ფეხბურთის ახალი მარგალიტის შეძენას აპირებდა და „პარიზიენის’’ ცნობით მზად იყო ამისათვის 200 მილიონი ევროც კი გაეღო. ლაპორტამ, როგორც ხედავთ, სხვა რიცხვი, 250 მილიონი დაასახელა.

„ბარსელონამ’’ პარიზელებს მართლაც სწრაფი და კატეგორიული უარი შეუთვალა. იამალს ახალი მოგებული ჰქონდა ევროპის ჩემპიონის ტიტული, ლაპორტას კი „ბარსას’’ გულშემატკივრებში გავარდნილი ჰქონდა იმ კაცის სახელი, რომელმაც ლეო მესი გაყიდა და იამალის ზედ მიყოლება მისი რეპუტაციისთვის წამგებიანი იქნებოდა. ლაპორტამ ყველა ღონე იხმარა, რათა იამალისთვის გრძელვადიანი კონტრაქტი გაეფორმებინა და ეს მოახერხა კიდეც. დღეს ლამინ იამალი „ბარსასთან’’ 2030 წლამდეა დაკავშირებული.

„ფეხბურთელი „ბარსელონაში’’ ბედნიერია. ჩვენ შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ის „ბარსასთვის’’ თავდადებული მოთამაშეა’’, ― სიამაყით აღნიშნა ლაპორტამ.