„რეალმა’’ ლა ლიგის ბოლო ტურში „ხეტაფესთან’’ 0:1 წააგო. ამ შეხვედრაში მადრიდელთა გერმანელმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა ყურადღება მოწინააღმდეგის მარცხენა მცველის დიეგო რიკოს წინააღმდეგ უხეშობით მიიპყრო. რიკო უკმაყოფილო დარჩა. მისი აზრით ამ საქციელისთვის რუდიგერი მკაცრად უნდა დაესაჯათ.

გერმანელს მოწინააღმდეგის გადათელვა შერჩა. როგორც ჩანს მსაჯებმა და VAR-მა ჩათვალეს, რომ „ჩელსის’’ ყოფილი მოთამაშის მხრიდან ეს მოუქნელი მოქმედება იყო და არა უხეშობა. ამიტომაც არ განიხილეს ეპიზოდი. რიკო კი მიიჩნევს, რომ გერმანელმა მას განზრახ გადაუარა.

„ეს რუდიგერის მხრიდან თავდასხმა იყო. აშკარაა, რომ მან განზრახ იუხეშა. წინა ეპიზოდში ჩვენ წავლაპარაკდით. მსაჯმა ჯარიმა დანიშნა. ხოლო როდესაც ის თავის პოზიციაზე დაბრუნდა, ლანძღვა დამიწყო. შეჯახების მომენტს კარგად თუ დააკვირდებით ნახავთ, რომ მან თანაგუნდელს ლამის ხელი ჰკრა. მოვარდა რათა ჩემთვის სახეში ჩაერტყა. გადავრჩი, შეიძლებოდა მოედანზე გონებადაკარგული დავრჩენილიყავი’’, ― უთხრა „ხეტაფეს’’ მცველმა Cadena COPE-ს ჟურნალისტს.

რიკო დარწმუნებულია, რომ რუდიგერი სასჯელს „რეალის’’ გავლენის გამო გადარჩა.

„ის რაც მან გააკეთა მე რომ გამეკეთებინა, ათმატჩიან დისკვალიფიკაციას მომცემდნენ. შეიძლება სეზონის ბოლომდე აღარც გავეშვით მოედანზე. VAR-ის დანიშნულება კი უბრალოდ არ მესმის. წესით მას სწორედ ასეთ სიტუაციებში უნდა იყენებდნენ’’, ― თქვა 33 წლის ფეხბურთელმა.