„პარი სენ ჟერმენის’’ კაპიტანს, ბრაზილიელ მარკინიოსს ორშაბათს, 2 მარტს მეოთხე შვილი შეეძინა. მისმა მეუღლემ კაროლ კაბრინიომ ახალშობილის ფოტო დაპოსტა. ფოტოზე თავად და მარკინიოსიც არიან.
„დაიბადა ჩვენი სრულყოფილი და შესანიშნავი შვილი ფილიპო’’, – მიაწერა ბედნიერმა დედამ ფოტოს.
ფილიპომდე წყვილს ჰყავდა სამი შვილი: მარია ედუარდა (2017), ენრიკო (2019) და მარტინა (2022). ისინი 2025 წლის 31 მაისს მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრნენ და „ინტერთან’’ 5:0 გამარჯვების შემდეგ მოედანზე ოჯახური ფოტო გადაიღეს.
„პარიზიენმა’’ კაროლ კაბრინიოს ინტერვიუ ნოემბერში ჩამოართვა, როდესაც მარკინიოსმა პსჟ-ს მაისურით მე-500 შეხვედრა ჩაატარა. იმ ინტერვიუში ფეხბურთელის მეუღლემ თქვა: „იმ დღიდან, როდესაც ერთმანეთი გავიცანით, მარკის ძალიან უნდოდა მამა გამხდარიყო. პირველი შვილის დაბადების შემდეგ დიდი პრობლემების გადალახვა მოგვიხდა. ჩემმა მეუღლემ მთელი ორი კვირა ახალშობილის გვერდით, საავადმყოფოში გაატარა. რას წარმოვიდგენდით ასეთ სირთულეებს თუ გადავაწყდებოდით, მაგრამ ის შვილის გვერდით იყო და მისთვის ყველაფერს აკეთებდა. ჩვენ მაშინ სრულიად გამოუცდელი მშობლები ვიყავით’’.
ინტერვიუს დროს კაროლ კაბრინიო ფეხმძიმედ იყო.
„მე და მარკის ძალიან გვინდოდა მეოთხე შვილი – ცისარტყელა. მარტში მუცელი მომეშალა, რაც ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ყველაფერს ღმერთი განკარგავს. მე რომ ის ბავშვი გამეჩინა, შეიძლება ფეხმძიმობის გამო მიუნხენში, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ვერც წავსულიყავი. იმ შეხვედრას ვერც ბავშვები დაესწრებოდნენ’’.





