არნე სლოტმა გიორგი მამარდაშვილს უწოდა მეკარე, რომელიც შეიძლებოდა ნომერი ერთი ყოფილიყო. ამით „ლივერპულის’’ თავკაცმა გუნდის მთავარი მეკარის, ალისონის სიძლიერეს გაუსვა ხაზი.
This is Anfield წერს, რომ „ვალენსიასგან’’ ქართველი მეკარის 29 მილიონ გირვანქად ყიდვის მიუხედავად „წითლების’’ კარის შეუცვლელ მცველად ბრაზილიელი რჩება, მაგრამ მისი კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს, 30 ივნისს იწურება. ადრეც დავწერეთ, რომ „ლივერპულსა’’ და „ალისონს’’ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არის ერთი პუნქტი, რომლის თანახმადაც კლუბს შეუძლია ფეხბურთელს კიდევ 12 თვით გაუგრძელოს თანამშრომლობის ვადა. ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ალისონისადმი ინტერესი გამოამჟღავნა „იუვენტუსმა’’.
მოკლედ რომ ვთქვათ, 33 წლის ალისონი „ლივერპულში’’ მრავალ წელს ალბათ ვეღარ გაატარებს, მაგრამ სლოტი მას ებღაუჭება. მწვრთნელის აზრით ბრაზილიელი იმდენად ძლიერია, რომ მის გამო მამარდაშვილი და კალაჰერი სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.
ჰოლანდიელმა ფეხბურთის სპეციალისტმა ჟურნალისტებს უთხრა: „იდეალურ შემთხვევაში გუნდს მეკარე სულ არ სჭირდება. თავს თუ ძალიან კარგად იცავ, რთული დარტყმების მოგერიება ხომ საერთოდ არ იქნება საჭირო, მაგრამ გვიხარია, რომ ჩვენს განკარგულებაში საუკეთესო კარის მცველები არიან. ალისონი უკვე შვიდი წელიწადია რაც „ლივერპულში’’ თამაშობს, მაგრამ ძალიან გვიხარია, რომ ის მარტო არ არის. ჩვენთან არის გიორგიც, რომელსაც შეეძლო პირველი ნომერი ყოფილიყო. ერთი სიტყვით, ჩვენს კლუბს წლების განმავლობაში სულ კარგი მეკარეები ჰყავს. გიორგის მოსვლამდე იყო კალაჰერი, რომელიც ახლა „ბრენტფორდში’’ თამაშობს ჩინებულად. მაგრამ ალი ყოველთვის პირველი ნომერი იყო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ძლიერია მეკარე, რომელიც კალაჰერს და გიორგის სკამზე დასვამს’’.
საიტი იხსენებს, რომ ალისონს საუდის არაბეთიდან ჰქონდა გულუხვი შეთავაზებები, მაგრამ მეკარემ უარი შეუთვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელს „ლივერპულში’’ დარჩენა უჯობს, რაც ადვილი მოსაგვარებელია. ამისათვის საჭიროა კლუბმა კონტრაქტის ზემოთ ნახსენები მუხლი გაააქტიუროს. თან ხელფასი მოსამატებელი არ იქნება, რადგან ის ძველ კონტრაქტში უკვე შეთანხმებულია. ვიმეორებთ: ლაპარაკია არა ახალ ხელშეკრულებაზე, არამედ იმაზე, რომ კლუბს აქვს უფლება ძველი კონტრაქტი გაახანგრძლივოს ერთი წლით.
წერილის ბოლოს This is Anfield ამბობს, რომ 25 წლის მამარდაშვილი „ენფილდზე’’ მეკარის პოზიციის სტაბილურობისთვის მიიყვანეს, მაგრამ საეჭვოა ქართველი მეორე ნომრის სტატუსით სკამზე დიდხანს ჯდომას დათანხმდეს.





