ფრანგული გაზეთის „ეკიპის’’ 80-წლისთავისადმი მიძღვნილ ინტერვიუში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა ვარსკვლავმა ზინედინ ზიდანმა წარსული გაიხსენა. მან მოყვა უდიდეს სპორტსმენებთან შეხვედრის ამბები, ილაპარაკა იმ ორ კვირაზე, რომელიც 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის დღეებში საფრანგეთის დედაქალაქში გაატარა, გატაცებით ილაპარაკა თავის საყვარელ სახეობებზე, ფორმულა 1-სა და კრივზე, მუჰამედ ალისა და მაიკ ტაისონზე, რომლის ბრძოლების სანახავად ის და მისი ბავშვობის მეგობარი დავიდ ბეტონი (რომელიც ყველგან ასისტენტად მიჰყავს) ტელევიზორთან ღამეებს ათენებდნენ.
შემდეგ ზიდანმა ილაპარაკა ფრანგ ტელეჟურნალისტ, „ტელეფუტის’’ წამყვან პიერ კანჟონიზე. კანჟონი ახლა 86 წლისაა.
„მის ხმას განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა, – გაიხსენა დიდმა ათმა ნომერმა, – ყურში ჩამესმის კანჟონის მიერ გამოთქმული უცხოური კლუბებისა და ქალაქების სახელები: „იფსვიჩ თაუნი’’, „ნოტინგემ ფორესტი’’, „ბორუსია მიონხენგლადბახი’’, „იუვენტუსი’’… იყო დრო, როდესაც მე ეს სახელები არაფერ მეუბნებოდა, მაგრამ ასე მეგონა, რომ ყველაფერი კარგად ნაცნობი იყო. დივანიდან ვხტებოდი. მაშინ გუნდები უფრო მაინტერესებდა, ვიდრე ფეხბურთელები. პატარა ვიყავი’’.
ზიდანმა მოიგონა 2008 წელს გარდაცვლილი კომენტატორი ტიერი გილარდიც, რომელსაც 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი მიჰყავდა.
ზიდანი: „ის იყო მისტერ ფეხბურთი. მისი ხმაც ძალიან მიყვარდა. მიყვარდა მისი გონიერება, რადგან შეეძლო ზუსტად გადმოეცა თავისი ემოცია, ყოველთვის პოულობდა სწორ სიტყვებს. მის ყოველ ფრაზას აზრი ჰქონდა. 2006 წელს, როდესაც მოხდა ის, რაც ყველამ იცით (ლაპარაკია მარკო მატერაცისთვის მკერდში თავის დარტყმაზე), მან თქვა: „ზინედინ. არა, ეს ზინედინი არ არის. ოღონდ დღეს არა. ოღონდ ახლა არა. ყველაფერი იმის მერე, რაც შენ გააკეთე…’’ და ის მართალი იყო. ნებისმიერი სხვა კომენტატორი გამანადგურებდა, მან კი სამართლიანად თქვა. ის ყოველ შეხვედრაში მოქმედებდა ჩემზე’’.





