Dro FERNANDEZ of PSG, Rassoul NDIAYE, Simon EBONOG of Le Havre AC during the Ligue 1 McDonald's match between Le Havre and Paris at Stade Oceane on...26 იანვარს „პარი სენ ჟერმენმა’’ „ბარსელონადან’’ 18 წლის დრო ფერნანდესი გადაიბირა. პარიზელებმა მასში გამოსასყიდ 8 მილიონზე ოდნავ მეტი გადაიხადეს.

დრო „ბარსას’’ ლეგენდარული სკოლის „ლა მასიას’’ აღზრდილია, თუმცა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. სწორედ ამით ისარგებლა საფრანგეთის ჩემპიონმა, ხოლო „ბარსელონას’’ გერმანელი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი გაღიზიანდა. მას ეგონა, რომ ფეხბურთელი უცხო კლუბების დაპირებებს ასე უცბად არ წამოეგებოდა.

„ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა. მე მიყვარს დრო, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ. ეს მან თავადაც კარგად იცის. მას ჩვენთან შეეძლო დიდი მომავალი ჰქონოდა. სამწუხაროდ, სხვა გზა ამჯობინა და ახლა ვეღარაფერს ვიზამ, მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცე. ასეთია ფეხბურთი’’, ― თქვა ფლიკმა.

„პარკ დე პრენსზე’’ კი ახალგაზრდა ნახევარმცველის დამატება უხარიათ. მათ მიაჩნიათ, რომ საუცხოო ახალგაზრდა ფაქტობრივად კაპიკებში ჩაიგდეს ხელთ. და თუ ფერნანდესი ვერ გაამართლებს, ისინი იტყვიან, რომ ასეთ მცირე ფასად ცდა ღირდა.

„დრო მაღალი დონის მოთამაშეა. ჩვენ ის რამდენიმე თამაშისთვის კი არა, ოთხი-ხუთი წლით ვიყიდეთ. ის ახალგაზრდაა. მის განვითარებას უნდა დავაკვირდეთ. მე მომწონს მისი მენტალიტეტი, თუმცა არსად გვეჩქარება’’, ― თქვა ლუის ენრიკემ ყმაწვილი მოთამაშის დამატების შემდეგ.

მას მერე დრომ, რაც გავრცელებული ესპანური სახელის პედროს შემოკლებაა, ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. თხუთმეტწუთიანი დებიუტი კი „ლე კლასიკში’’ ჰქონდა, რომელიც პსჟ-მ „მარსელს’’ 5:0 მოუგო. „ლე ავრთან’’ შეხვედრაში ფერნანდესმა გოლიც გაიტანა, მაგრამ იმ ეპიზოდში აშრაფ ჰაკიმი ოფსაიდში აღმოჩნდა.

„მეცთან’’ თამაშის შემდეგ ესპანელმა თქვა: „მეგონა, რომ ლიგა 1-ში უფრო დაბალი დონე იყო. სინამდვილეში კი ყოველ შეხვედრაში ფიზიკურად ძლიერ, ძალისმიერ მეტოქეებთან გვიწევს დაპირისპირება. წარმატებისთვის ოფლის ღვრა გვიხდება’’.

დრო ფერნანდესის პარიზული დებიუტს ბარსელონადან ყურადღებით აკვირდებიან. ესპანელ ჟურნალისტებს განსაკუთრებული აღტაცება არ ეტყობათ, მაგრამ „სპორტმა’’ მაგალითად დაწერა: „ლუის ენრიკეს დრო არ მოუტყუებია’’. კატალონიური გაზეთის ამ წერილში ხაზგასმულია, რომ ფლიკის ხელში ფერნანდესი „ბარსას’’ ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ თამაშობდა, ლუის ენრიკემ კი გაცილებით მეტი დრო დაუთმო. ამას სტატისტიკა მარტივად ასაბუთებს. ნახევარმცველს „ბარსელონაში’’ ექვს თვეში ხუთჯერ ჰქონდა ნათამაშევი, ჯამში 148 წუთი, პსჟ-ში კი სულ ერთი თვის გადასული იმდენივე მატჩში უკვე 161 წუთს ითვლის.

„ლე ავრთან’’ ბოლო შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ლუის ენრიკეს ფრანგმა ჟურნალისტებმა კვლავ დაუსვეს შეკითხვა:

– როგორ უნდა დავეხმაროთ დრო ფერნანდესს ახალ გარემოსთან შეგუებაში?

– ბედნიერები ვართ დრო ჩვენთან რომ არის. მას განსხვავებული თვისებები აქვს. მისი მსგავსი ფეხბურთელები მწვრთნელებს უყვართ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მათ თანაგუნდელებთან კარგი პარტნიორობის აწყობა შეუძლიათ. მეორე მხრივ დრო ჯერ 18 წლისაა და ლიგა 1-ში, სადაც უხეშობის ზღვარზე თამაშობენ, ადაპტაცია უჭირს, რაც ნორმალურია. ლიგა1-ში თამაში ადვილი არ არის, მაგრამ ფერნანდესი საინტერესოდ რაღაცებს აკეთებს, ― იყო პასუხი.