Khvicha KVARATSKHELIA of PSG and Timothee PEMBELE of Le Havre AC during the Ligue 1 McDonald's match between Le Havre and Paris at Stade Oceane on...„პარი სენ ჟერმენმა’’ სტუმრად „ლე ავრთან’’ მოგებით მთავარი საქმე გააკეთა ― სამი ქულა ჩაიწერა და ცხრილში „ლანსს’’ უკვე 4 ქულით უსწრებს. პარიზელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ ინიციატივას, რის პირდაპირი მტკიცებულებაც გახლავთ ის, რომ მედიამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ერთხმად და სამართლიანად დაასახელა მასპინძელთა მეკარე მორი დიავი. სენეგალელმა 7 დარტყმა მოიგერია, მათ შორის დეზირე დუეს მიერ 79-ე წუთზე დარტყმული პენალტი. მატჩის ერთადერთი გოლი კი 37-ე წუთზე კანგ-ინ ლის პასით ბრედლი ბარკოლამ თავით შეაგდო.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მისი მონდომებული თამაში maxifoot-მა 6 ქულით შეაფასა და დაწერა: „ქართველმა გარემარბმა ცდა არ დააკლო, ინიციატივას იღებდა. ის გოლის გატანასთან ახლოს იყო. თავიდან მისი თავური კარის ხაზიდან უკუაგდეს, , შემდეგ კი ძელსაც გაარტყა ბურთი. პარიზელთა 7 ნომერი გამუდმებით უტევდა და მეტოქეები დაძაბულობაში ჰყავდა. ის ჩვეულებრივზე ნაკლებ ეფექტური იყო, მაგრამ ყველგან ტრიალებდა და პსჟ-ს შეტევას ქმნიდა’’.

კვარაცხელიას 6 ქულა დაუწერა footmercato-მაც. ამ საიტის აზრით: „მარცხენა ფრთაზე განწესებულმა ქართველმა შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში თავით კინაღამ გოლი გაიტანა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი იანის ზუაუიმ კარის ხაზიდან გამოიტანა. შემდეგ ის რეგულარულად ასრულებდა გარღვევებს და გრძელი პასებით ცდილობდა საგოლე მომენტის პოვნას, მაგრამ მოსალოდნელ შედეგს ვერ მიაღწია. მეორე მხრივ, ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო დაცვაში, რასაც მწვრთნელი ლუის ენრიკე მეტად აფასებს. მეორე ტაიმში კვარაცხელიამ ბურთი ჯერ ძელს გაარტყა, შემდეგ კი ხარიხას გადააცილა.

კვარაცხელიამ მოედანზე 71 წუთი დაჰყო. სხვა საიტებმა მისი თამაში ასე შეაფასეს.

flashscore – 7.6 (მეხუთე შეფსება პსჟ-ში ვიტინიასთან ერთად); sofascore – 6.6 (მეთერთმეტე შეფასება); whoscored – 7.6 (მესამე შეფასება); fotmob – 8.2 (მეორე შეფასება მეკარე მატვეი საფონოვის შემდეგ).