
მართალია ოთხშაბათს „მონაკოსთან’’ და შაბათს „ლე ავრთან’’ „პარი სენ ჟერმენის’’ თამაში უზადო არ ყოფილა, მაგრამ შედეგის თვალსაზრისით ლუის ენრიკეს გუნდისთვის გასული კვირა თითქმის იდეალური გამოვიდა. პსჟ ჯერ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, შემდეგ კი ლიგა 1-ის ცხრილში ოთხქულიანი უპირატესობით დამკვიდრდა პირველ ადგილზე. „ლე ავრთან’’ მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
– რაზე ამახვილებს ყურადღებას ისეთი პერფექციონისტი მწვრთნელი როგორიც თქვენ ბრძანდებით, „მონაკოსა’’ და „ლე ავრთან’’ შეხვედრებში გამომჟღავნებულ ნაკლოვანებებზე თუ რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, იმაზე, რომ კვირა პოზიტიური გამოვიდა?
– ახლა მე „ლე ავრთან’’ შეხვედრაზე ვფიქრობ, რომელიც კომფორტული გამოვიდა და რომელშიც ჩვენ გამარჯვებას ვიმსახურებდით. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. პენალტიც გავაფუჭეთ. ბოლოს გაგვიჭირდა, მაგრამ ჯამში დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
– თქვენ კვლავ ვერ გაიტანეთ პენალტი. ეს საკუთარი თავის რწმენის დეფიციტზე მიუთითებს?
– ჩვენ რთულ მდგომარეობაში ვიყავით. ამდენი საგოლე მომენტის ვერ-გამოყენება რასაკვირველია ნორმალური არ არის. პენალტის დარტყმა პსჟ-ში ბევრს შეუძლია. აცილებით კი მხოლოდ ის აცილებს, ვინც არტყამს. ჩვენ პენალტისტების როტაციას გავაგრძელებთ. მიხარია, რომ დღევანდელ შეხვედრაში კარში ბევრჯერ დავარტყით.
– ბარკოლა მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, ცხრა ნომრად თამაშობდა. როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?
– მისთვის ამ პოზიციაზე თამაში სიახლეა, მაგრამ ჩინებულად გაისარჯა და გოლიც გაიტანა. ის ძალიან მობილური იყო. ბარკოლამ გვაჩვენა, რომ მომავალში კიდევ ღირს მისი ამ პოზიციაზე გამოყენება.
– დღეს, როდესაც ლიგა 1-ში ოთხი ქულით ლიდერობთ, გულს უფრო ხომ არ მოგეშვათ?
– პსჟ-ში მოშვება არ არსებობს. ეს ჩვენს მენტალიტეტში არ ზის. უბრალოდ გვეძლევა შესაძლებლობა ფეხბურთელების თამაში დავხვეწოთ, რადგან საკუთარი თავის რწმენა ახლა ჩვეულებრივზე მეტად გვაკლია. ვცდილობთ მთელი გულით ვითამაშოთ, როგორც ამას ბოლო წლებში ვაკეთებდით. არ ვიცი რა მოხდება მომავალში, მაგრამ ვაპირებთ საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ.
– შეხვედრის ბოლოს „ლე ავრი’’ ძალიან მოგაწვათ. რით ახსნით ამას?
– შეხვედრის მიწურულს ეს ბუნებრივი იყო. როდესაც გუნდი დაცვაში ხუთი კაცით დგას და გრძელი პასებით თამაშობს, შენ იცი როგორ მოიქცე. ასეთ დროს მატჩის მსვლელობას აკონტროლებ და ცდილობ ბურთი მოწინააღმდეგის ნახევარზე აგორო, მაგრამ „ლე ავრს’’ თავისი ძლიერი მხარეები აქვს და ბედი სცადა. თუმცა, ვიმეორებ, ჩვენ გამარჯვებას ვიმსახურებდით.
– დღეს ზაბარნი დაძაბული არ იყო…
– მიხარია, როდესაც ზაბარნიზე კარგად ლაპარაკობთ. ჩემი აზრით დღეს ჩემს ფეხბურთელებს შორის საუკეთესო ის იყო. მე მწვრთნელი ვარ და იმ ფეხბურთელებისგან რომელთაც სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის პრეტენზია აქვთ, სწორედ ასეთ თამაშს ველი.
– როგორ უნდა დავეხმაროთ დრო ფერნანდესს ახალ გარემოსთან შეგუებაში?
– ამ ეტაპზე ნახევარმცველები გვაკლია. ბედნიერები ვართ დრო ჩვენთან რომ არის. მას განსხვავებული თვისებები აქვს. მისი მსგავსი ფეხბურთელები მწვრთნელებს უყვართ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მათ თანაგუნდელებთან კარგი პარტნიორობის აწყობა შეუძლიათ. მეორე მხრივ დრო ჯერ წლისაა და ლიგა 1-ში, სადაც უხეშობის ზღვარზე თამაშობენ, ადაპტაცია უჭირს, რაც ნორმალურია. ლიგა1-ში თამაში ადვილი არ არის, მაგრამ ფერნანდესი საინტერესოდ რაღაცებს აკეთებს.





