საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანია სტუმრად დიდი ანგარიშით 89:71 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

უღიმღამო და ქულამწირი პირველი მეოთხედის (12:12) შემდეგ ჩვენმა გუნდმა ძალიან მოუმატა. მეორე მეოთხედი 27:20 მოიგო, ხოლო მესამე მეოთხედში 38:25 იმარჯვა და მატჩის ბედი ვადაზე ადრე გადაწყვიტა.

მეოთხე პერიოდში წავაგეთ, მაგრამ ამ ფაქტს საერთო გამარჯვებაში ხელი არ შეუშლია. მით უფრო, რომ ალექსანდრ ჯიკიჩმა გუნდის ლიდერებს დასვენების შესაძლებლობა მისცა.

შესანიშნავი თამაში ჰქონდა გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას, ვინაც 24 ქულასთან ერთად გუნდს 7 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა;

კარგი იყო ახალწვეული მარკიზ რიდი, რომლის მონაგარი 18 ქულა, 5 პასი, 3-3 მოხსნა და ჩაჭრა იყო;

უნდა გამოვყოთ კიდევ ერთი ახალწვეული ალექსანდრე მერკვილაძე, რომელმაც 12 ქულა ოთხი სამქულინით მიითვალა; 10-ქულიან ზღვარს დუდა სანაძეც ასცდა – 13.

ჩვენს ჯგუფში დღესვე ესპანეთმა 86:66 მოუგო უკრაინას და ჯგუფს სამი მოგებით ლიდერობს; უკრაინელებს ორი მოგება აქვთ და მომდევნო ტურში ესპანეთს უკვე სტუმრად ეთამაშებიან;

საქართველომ პირველი მატჩი მოიგო და 2 მარტს შინ დანიას დაუხვდება, რომელიც მოგების გარეშეა.