Luis Enrique, Manager of Paris Saint-Germain, reacts during the UEFA Champions League 2025/26 League Knockout Play-off Second Leg match between Paris...„მონაკოსთან’’ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის შეხვედრიდან სამ დღეში „პარი სენ ჟერმენი’’ ლიგა 1-ს უბრუნდება. ცხრილის სათავეში მოქცეული პარიზელები ჰავრში გაემგზავრნენ და გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იქ გამართა პრეს-კონფერენცია.

– ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსი’’ შეგხვდათ. როგორია თქვენი რეაქცია?

– საუცხოო კენჭისყრაა, ჩვენ გახარებულები ვართ. ამ გუნდს კარგად ვიცნობთ, მაგრამ შურისძიებაზე (კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მარცხის გამო) ლაპარაკიც არ არის. ეს სხვა შეჯიბრებაა. მზად ვართ, ჩვენი გზა ვიცით და ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები გახლავართ. პრობლემების წინაშე ჩვენ კი არა, მეტოქეები დგანან. ჩვენ კი კვლავ გამარჯვებაზე გვაქვს პრეტენზია. სეზონის გადამწყვეტი მომენტი ახლოვდება.

– თქვენი გუნდი ახლა უფრო ძლიერია ვიდრე გასულ სეზონში იყო?

– საქმე ცოტა სხვანაირადაა. გასულ სეზონში არავის ეგონა, რომ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდით, ჩვენ კი გამარჯვებისთვის თამაშის რეგულარულად გაუმჯობესება გვჭირდებოდა. მე დღეს მთელი რიგ დადებით მხარეებს ვხედავ. ახალ გარემოებებთან მომიწია ადაპტაცია. ჩემი ოპტიმიზმი იმას ემყარება, რომ მიმდინარე სეზონში პრობლემების დაძლევის უნარს ვამჟღავნებთ.

– აპირებთ ჩემპიონთა ლიგის თამაშებს შორის კარში ლუკა შევალიე ჩააყენოთ? რას იტყოდით მატვეი საფონოვის თამაშზე?

– მატვეი ტოპ-დონის მეკარეა, თავისი ქვეყნის ნაკრების წევრი. მას თანამედროვე მეკარისთვის საჭირო ყველა ტექნიკური და ფიზიკური მონაცემი აქვს. საფონოვს კარგად ეხერხება ფეხით თამაში. ეს მისი სტილის მნიშვნელოვანი ასპექტია. ის ძალიან ჭკვიანი მეკარეა, ღონიერი და მამაცი. საფონოვი ჩვენს ტაქტიკას ზუსტად ერგება. ჩემი სურვილია სამივე მეკარე მედამ მზად იყოს. რას ვაპირებ? რასაკვირველია ვიცი, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა.

– ფაბიან რუისის არყოფნა რამდენად სერიოზულია?

– სამწუხაროდ, ტრავმირებულები გვყავს. ფაბიანის გამოჯანმრთელების პროცესი კი ცოტა გაიწელა. იმედს ვიტოვებთ, რომ მალე დაგვიბრუნდება.

– თქვენ ადაპტაცია ახსენეთ. როგორ ართმევთ თავს ამდენი ფეხბურთელის არყოფნას?

– პირადად მეც კი მზად ვარ სათამაშოდ. თუ გინდათ გავალ მოედანზე. რასაკვირველია, ადაპტაცია გვიწევს. გასული სეზონი მეტად ინტენსიური იყო და ახლა ამის საფასურს ვიხდით. ფეხბურთელები მანქანები არ არიან. იმ შემადგენლობით, რომლითაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი ვითამაშეთ, ერთხელაც აღარ გავსულვართ მოედანზე. წინასწარ ვეღარაფერს ვგეგმავთ და ვცდილობთ სწორედ ასეთ პირობებს ავუღოთ ალღო. გვინდა ისე ვითამაშოთ როგორც გასულ სეზონში. საჭიროა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ.

– რა არის თქვენი გუნდის პოტენციალი? რა უნდა გამოასწოროთ?

– სეზონის განმავლობაში ბევრჯერ ვაჩვენეთ, თუ რა შეუძლია ჩვენს გუნდს. სტატისტიკის ანალიზს თუ ჩავატარებთ, გარკვეულ ასპექტებში უკეთესადაც კი ვთამაშობთ. მე პირადად კმაყოფილი ვარ, თუ როგორ ვემზადებით შეხვედრებისთვის და როგორ ვთამაშობთ. მიმდინარე სეზონში „პარი სენ ჟერმენის’’ მთავარი თვისება საქმისადმი მიდგომაა. გუნდი სირთულეებისა და გამოწვევების დაძლევის უნარს ამჟღავნებს.