Referee Istvan Kovacs of Romania gives a red card to Mamadou Coulibaly of Monaco during the UEFA Champions League 2025/26 League Knockout Play-off...არ ცხრება ლაპარაკი „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მონაკოს’’ ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში მონაკოელი მამადუ კულიბალის გაძევების შესახებ. ცეცხლზე ნავთს ასხამს რომ სებასტიან პოკონიოლის გუნდიდან ფეხბურთელი ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ რაუნდშიც გააგდეს. „ლუი მეორეზე’’ წითელი ბარათო რუსმა ალექსანდრ გოლოვინმა მიიღო. შედეგად, გამოვიდა, რომ „მონაკომ’’ დედაქალაქელებთან ორივე მატჩი კაცნაკლულმა დაამთავრა და ორივე შემთხვევაში გაძევებამ თამაშის მსვლელობა პარიზელთა სასარგებლოდ შეცვალა.

რა მოხდებოდა „პარკ დე პრენსზე’’ კულიბალი რომ არ გაეგდოთ? ათი კაცით დარჩენილმა „მონაკომ’’ 2:2 ითამაშა და თერთმეტით იქნებ გასულიყო კიდეც შემდეგ ეტაპზე. ამას ახლა ვინ შეამოწმებს, მაგრამ საგრაფოელ გულშემატკივარს სრული უფლება აქვს გულდაწყვეტით და ემოციურად ილაპარაკოს. ბოლოს და ბოლოს, კულიბალის გაძევებამდე მათი გუნდი იგებდა.

ყველაფერი მართლაც შთამბეჭდავად მიმდინარეობდა. პოკონიოლის გუნდი თამაშობდა ორგანიზებულად და აგრესიულად. პირველ ტაიმში მან მჭიდრო მეურვეობით, მუდმივი პრესინგით და მტკიცედ აღმართული დაცვის ხაზით პარიზელებს სიმწვავე გაუნულა, თავად კი 45-ე წუთზე გოლი შეაგდო. მაგრამ, აი დაბრუნდნენ გუნდები მოედანზე და კულიბალიმ სამ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო. მოედანზე ათი კაცით დარჩენილმა „მონაკომ’’ თამაშის ძაფი დაკარგა და ექვს წუთში ორი გოლი გაუშვა.

ფეხბურთელის გაგდებამ ძალიან აღაშფოთა „მონაკოს’’ თავკაცი. ბელგიელმა თქვა: „ჩემი აზრით ჩვენი მოთამაშე წითელ ბარათს არ იმსახურებდა. ვფიქრობ, ეს იყო მეტისმეტად მკაცრი გადაწყვეტილება, მითუფრო რომ პირველი ბარათი სულ ხუთი წუთით ადრე იყო ნაჩვენები. და თუ მსაჯმა ასეთი დარღვევის გამო ფეხბურთელს მეორე ყვიტელი ამოუღო, მაშინ დასასჯელი იყო ლუკა ერნანდესიც. კულიბალი ახალგაზრდაა, ერნანდესი კი მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ მას მაინც დასჭირდა სიმშვიდისკენ მოწოდება. საქმე ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს. „მონაკოსთან’’ მიმართებაში ეს ხშირად ხდება და გვაბრაზებს’’.

კულიბალის რუმინელმა მსაჯმა იშტვან კოვაჩმა პირველი ყვითელი ნუნუ მენდეშის წინააღმდეგ უხეშობისთვის სრულიად დამსახურებულად აჩვენა. მეორე ეპიზოდში კი მონაკოელმა იჩქარა. ის არშაფ ჰაკიმის დაეჯახა. კონტაქტი უთუოდ იყო, მაგრამ ასეთი დარღვევისთვის მოთამაშე მოედნიდან უნდა გაეგდოთ?

ყოფილმა  ფიფას მსაჯმა საიდ ენჯიმიმ „ეკიპთან’’ ინტერვიუში საკითხი ასე განიხილა: „თუ მეორე ეპიზოდს კონტექსტისგან დამოუკიდებლად, ცალკე განვიხილავთ, მსაჯმა მართლაც გადაჭარბებით მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო. აშრაფ ჰაკიმი ცივად, მე ვიტყოდი ცოტა ირონიულადაც კი მოიქცა, მაგრამ დამნაშავე რასაკვირველია თავად კულიბალია, რადგან მან რამდენიმე წუთით ადრე მენდეშის წინააღმდეგაც იუხეშა. ანუ, ცალკე აღებული მეორე ჯარიმა შესაძლოა ისეთი უხეში არც იყო, მაგრამ რამდენიმე წუთიან მონაკვეთში ფეხბურთელის ასეთმა აგრესიულმა ქცევამ არბიტრი აიძულა ის გაეძევებინა. „მონაკოს’’ ეს ლამის ჩვევაში გადაუვიდა. გუნდი უკვე მერამდენედ ჯარიმდება მოედნის შუაში’’.

სტატისტიკა ამბობს, რომ მიმდინარე სეზონის ყველა შეჯიბრებაში ერთად „მინაკომ’’ უკვე ცხრა წითელი ბარათი მიიღო. ტოპ-ხუთი ლიგიდან მხოლოდ „რაიო ვალეკანოს’’ აქვს წითლების იგივე რაოდენობა. პირადად კულიბალისთვის კი ეს სეზონის მეორე გაძევებაა. პირველად ის ლიგა 1-ის მატჩში „ლიონის’’ წინააღმდეგ გააძევეს.