მთავარი საქმე გაკეთდა, „პარი სენ ჟერმენი’’ მერვედფინალშია, მაგრამ ასეთი თამაშით მომავალს მშვიდად ვერ უყურებ. ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის ორივე შეხვედრაში პსჟ „მონაკოს’’ წინააღმდეგ იყო მძიმე, დუნე და არ ჰგავდა გუნდს, რომელმაც გასულ გათამაშებაში გაიმარჯვა.

Footmercato იხსენებს, რომ „ლუი მეორეზე’’ პარიზელები 18 წუთის მერე უკვე 0:2-ს აგებდნენ და მხოლოდ დეზირე დუეს ჩინებულ თამაშს პლუს ალექსანდრ გოლოვინის გაძევების წყალობით შემოატრიალეს შეხვედრის ბედი – 3:2. „პარკ დე პრენსზე’’ საპასუხო შეხვედრაში საჭირო იყო ლიგა 1-ში მე-8 ადგილზე მყოფი მეტოქისთვის რაც შეიძლება მალე მოეკლათ იმედი ან თუ სიტყვა მკვლელობა არ მოგწონთ – თავიანთი უპირატესობისთვის რაც შეეძლება მალე დაესვათ ბეჭედი, მაგრამ ვერ შეძლეს. მეტიც, შესვენებაზე 0:1 ჩამორჩენით გავიდნენ. მონაკოელმა თავდამსხმელმა მანეს აკლიუშმა 45-ე წუთზე, პარიზელებს რომ იტყვიან გასახდელში დააწია გოლი.

მოედანზე დაბრუნებულმა პსჟ-მ როგორც Footmercato წერს ფრთხილად გაზარდა ტემპი, მაგრამ სტუმრების დაცვა იოლად ვერ გაარღვია, სანამ მამადუ კულიბალიმ სამ წუთში ორჯერ არ იუხეშა და მსაჯს თავი არ გააგდებინა. სწორედ კულიბალის მეორე უხეშობისთვის დანიშნულ საჯარიმოს მოჰყვა პარიზელთა კაპიტნის მარკინიოსის გოლი (1:1) მე-60 წუთზე, 6 წუთის შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელიამ არშაფ ჰაკიმის დარტყმის შემდეგ მეკარე ფილიპ კონის მოგერიებულს დაამატა წარმატებით.

ამის მიუხედავად პსჟ მაინც არ ჩანდა თავდაჯერებული. 90+1 წუთზე ჯორდან ტეზემ გაათანაბრა ანგარიში და ბოლო რამდენიმე წუთი მასპინძელთათვის ფრიად სანერვიულო გამოდგა.

„მონაკო ძალიან კარგი გუნდია. ჩვენ გვქონდა მომენტები, მაგრამ მათ კონტრშეტევაზე კარგად ითამაშეს, სახიფათოები იყვნენ. მეორე ტაიმში მდგომარეობა გამოვასწორეთ, მაგრამ შეხვედრის ბოლოს, როდესაც ანგარიში გაგვითანაბრეს მდგომარეობა ისევ გართულდა. შეიძლებოდა თუ არა, გავვარდნილიყავით? ფეხბურთში ყველაფერი ხდება. „მონაკო’’ კარგი გუნდია. ისინი თავს კარგად იცავენ და კარგად უტევენ. როდესაც გაგვიტანეს, ჩვენ ცოტა საკუთარი თავის რწმენა დავკარგეთ, მაგრამ მწვრთნელი გასახდელში დაგველაპარაკა და მერე მოტივირებულები ვიყავით’’, – თქვა მატჩის შემდეგ კვარაცხელიამ, რომელმაც დასძინა, რომ პსჟ მერვედფინალში „ჩელსისთან’’ ან „ბარსელონასთან’’ სათამაშოდ მზად არის.

Footmercato-მ კვარაცხელიას 6 ქულა დაუწერა და აღნიშნა, რომ ქართველი მარჯვენა ფრთაზე ისე ეფექტური ვერ არის, როგორც მარცხენაზე, თუმცა მისი წვლილი პსჟ-ს თამაშში დიდია. ის ბევრს მუშაობს დაცვაში.

Maxifoot-მაც 6 ქულა დაუწერა ქართველს. ამ საიტის აზრით ის პირველ ტაიმში „მონაკოს’’ პრობლემებს უქმნიდა, მაგრამ რეალურად სახიფათო მომენტი მაინც არ ჰქონია. მეორე ტაიმში მან გაიტანა გოლი და თავისი გუნდი კომფორტულ მდგომარეობაში ჩააყენა.

flashscore – 8.0 (საუკეთესო შეფასება პსჟ-ს მოთამაშეთა შორის); sofascore – 7.6 (მესამე შეფასება მენდეშთან ერთად დუეს და ვიტინიას შემდეგ); whoscored – 7.8 (მეორე შეფასება დუეს შემდეგ); fotmob – 8.3 (საუკეთესო).