
ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის ყველაზე დიდი სენსაცია „ბოდო/გლიმტის’’ მიერ „ინტერის’’ გაგდება იყო. ნორვეგიულმა გუნდმა გასული გათამაშების ფინალისტი პირველ შეხვედრაში 3:1 დაამარცხა, რასაც არც მეტი, არც ნაკლები „სან სიროზე’’ 2:1 მოგება დაამატა და მერვედფინალში გავიდა, სადაც „მანჩესტერ სიტის’’ ან „სპორტინგს’’ შეხვდება.
„ინტერი’’ ინიციატივას ფლობდა. კარში დარტყმები: 30-7. მეორე მხრივ, კარში დარტყმა გოლს არ ნიშნავს. მეტი გოლი სტუმრებმა გაიტანეს. ანგარიში შვეიცარიელი მანუელ აკანჯის უხეში შეცდომის შემდეგ იენს პეტერ ჰაუგემ 58-ე წუთზე გახსნა. 72-ე წუთზე ჰაკონ ევიენმა მეორეც შეაგო. ალესანდრო ბასტონის მიერ ოთხ წუთში გატანილმა ერთმა საპასუხო გოლმა მილანელები სირცხვილისგან ვერ იხსნა.
შეგახსენებთ, რომ „ინტერი’’ სერია A-ს ცხრილს ათქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
„ატლეტიკომ’’ „ბრიუგეს’’ 4:1 მოუგო. პირველ შეხვედრაში 3:3 ჰქონდა ნათამაშევი. აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლიტანოზეც’’ ნორვეგიული ფეხბურთის ზეიმი ვიხილეთ ― სამი გოლი ალექსანდერ სორლოთმა შეაგდო. მერვედფინალში მადრიდელების მეტოქე ინგლისური გუნდი იქნება: „ტოტენჰემი’’ ან „ლივერპული’’.
„ნიუკასლის’’ და „ყარაბაღის’’ შეხვედრაზე დიდხანს გაჩერება არ ღირს. პირველი შეხვედრა „კაჭკაჭებს’’ აზერბაიჯანში 6:1 ჰქონდათ მოგებული. მათ საპასუხო მატჩში ძალა აღარ დახარჯეს – 3:2. ნიუკასლელთა შემდეგი მეტოქე გაცილებით სერიოზული იქნება – „ჩელსი’’ ან „ბარსელონა’’.
ოფლი მაინცდამაინც არც „ლევერკუზენს’’ მოუდენია. საბერძნეთში 2:0 მოგების შემდეგ შინ „ოლიმპიაკოსთან’’ ბურთი მშვიდად გააგორა და სრულიად საკმარისი 0:0 ითამაშა. მერვედფინალში დანიელი კასპერ ჰიულმანდის გუნდს „ბაიერნი’’ ან „არსენალი’’ შეხვდება.
სტატისტიკა მეტყველებს, რომ მერვედფინალის მონაწილე გუნდების 37.5 პროცენტი პრემიერლიგიდან არის, რაც რეკორდია.
ანტირეკორდი დაამყარა „ყარაბაღმა’’, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე 21, ფლეი-ოფში კი 9 გოლი გაუშვა. 10 შეხვედრაში 30 გოლი აქამდე არავის გაუშვია.
„ბრიუგესთან’’ შეხვედრაში ანტუან გრიზმანი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და არც გოლი გაუტანია, მაგრამ 34 წლის ფრანგისთვის ეს თამაში მაინც მნიშვნელოვანი გამოდგა, რადგან ის შევიდა ხუთი ფრანგი ფეხბურთელის სიაში, რომელთაც ევროთასების ისტორიაში ყველაზე მეტ მატჩში აქვთ მონაწილეობა მიღებული. Stats du Foot-ის ინფორმაციით გრიზმანმა 124 შეხვედრით გადაასწრო პატრის ევრას და მიუახლოვდა 132 თამაშიან მეტიე ვილბუენასა და კლოდ მაკელელეს. 140 მატჩი აქვს ნათამაშები ტიერი ანრის, ხოლო 157 ქარიმ ბენზემას.
შეძლებს გრიზმანი წინსვლას? საეჭვოა, რადგან აქტიურად ლაპარაკობენ მის „ორლანდო სიტიში’’ გადასვლაზე.




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)
