„ტორინოს“ გულშემატკივრებმა გუნდის პრეზიდენტისა და მფლობელის ურბანო კაიროს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.
გაბრაზებულმა ქომაგებმა კლუბის სავარჯიშო მოედანზე პიკაპით ნაკელი მიიტანეს და შესასვლელთან მიმოფანტეს. მოედნის გარშემო ღობეზე ასევე ეკიდა ბანერი წარწერით „კაიროს მსგავსი ნაგავი“.
„ტორინო“ სერია A-ს ცხრილში 27 ქულით მე-15 ადგილზეა. გუნდი გასავარდნ ზონას სამი ქულით აჭარბებს. ისინი ასევე გამოეთიშნენ იტალიის თასს – მეოთხედფინალში „ინტერთან“ 1:2 დამარცხდნენ.
23 თებერვალს ხელმძღვანელობამ მწვრთნელი მარკო ბარონი გაათავისუფლა, რომელიც 2025 წლის ივნისიდან წვრთნიდა გუნდს.
68 წლის კაირო „ტორინოს“ 2005 წლიდან ფლობს. ამ ხნის განმავლობაში კლუბს რაიმე ტიტული არ მოუგია.





