President Donald Trump places the FIFA Peace Prize around his neck after receiving it from FIFA President Gianni Infantino at the FIFA World Cup 2026...„ლიონის’’ პორტუგალიელმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ „ეკიპს’’ ინტერვიუ მისცა, რომელშიც აშშ-ს  და ფიფას პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ჯანი ინფანტინო გააკრიტიკა. ის შეეხო ბოლოხანს წამოწეულ საკითხს, უნდა დააბრუნონ თუ არა რუსული კლუბები საერთაშორისო შეჯიბრებებში.  ფონსეკამ, რომელსაც უკრაინელი მეუღლე ჰყავს, თქვა:

„ნუთუ ჩვენ სათამაშოდ მოსკოვში უნდა ვიაროთ, მაშინ როდესაც უკრაინელები თავიანთ ტერიტორიაზე ბურთს ვერ აგორებენ? ქვეყანა, რომელშიც შეიჭრნენ ევროთასების შეხვედრებს შინ ვერ ატარებს, რუსეთმა კი უნდა ჩაატაროს? ჩემთვის ეს მიუღებელია. ფეხბურთი პრობლემებს ვერ წყვეტს, მაგრამ მსოფლიოში მეტი სამართლის დამკვიდრება შეუძლია. პრეზიდენტი ინფანტინო ზუსტად იმავეს აკეთებს, რასაც პრეზიდენტი ტრამპი: მათთვის მთავარი ეკონომიკური ინტერესია, ხალხი კი არ ახსოვთ’’.

„მილანის’’ ყოფილმა თავკაცმა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორებიც მკაცრად გააკრიტიკა. მან ინატრა, რომ ჩემპიონატი ნებისმიერ ქვეყანაში ჩატარებულიყო, ოღონდ შეერთებულ შტატებში არა.

„ამერიკის პრეზიდენტის პოზიცია ასეთია: ის ივიწყებს ყველაზე სუსტებს და დგება თავისი ეკონომიკური ინტერესების მხარეს. მას ხალხზე არასდროს უფიქრია, ის მხოლოდ ფულზე ფიქრობს. არ ვიცი რამდენად იძლევა ფეხბურთი ამ ყველაფრის გაპროტესტების შესაძლებლობას, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით ქვეყნად არის მიუღებელი რაღაცები’’.

ბოლოს კი ფონსეკამ გაიხსენა მშვიდობის პრემია, რომელიც ინფანტინომ ტრამპს გადასცა.

„იცით რა ვიგრძენი, როდესაც ეს დავინახე? შემრცხვა. ძალიან სამწუხაროა. სამარცხვინო რაღაც მოხდა. ფეხბურთი ამას არ იმსახურებდა’’, ― თქვა პორტუგალიელმა.