Italian artist TVboy installs his latest work 'El regalo más grande' featuring Joan Laporta and Leo Messi on April 20, 2021 in Barcelona, Spain.2021 წელს ლეო მესიმ „ბარსელონა’’ დატოვა და „პარი სენ ჟერმენში’’ გადავიდა. მაშინ წერდნენ, რომ არგენტინელი „ბარსას’’ პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას დამოკიდებულებით ძალიან უკმაყოფილო იყო. ლაპორტამ მას ჯერ კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა, შემდეგ კი უკან დაიხია. მიზეზი კლუბის ფინანსური პრობლემები იყო.

ვის და რატომ გაახსენდა ეს ამბავი 2026 წელს? საქმე ის არის, რომ წლეულს „ბარსელონას’’ პრეზიდენტის არჩევნებია. ლაპორტა ცდილობს სავარძელი შეინარჩუნოს. არჩევნები კი, მოგეხსენებათ, ყოველთვის წინასაარჩევნო კომპანიასა და პიართან არის დაკავშირებული. კონკურენტები ლაპორტას წინააღმდეგ მესის კარტის გათამაშებას ცდილობენ. 63 წლის ბიზნესმენი იძულებულია ამ თემას რამენაირად უპასუხოს და „რადიო კატალონიასთან’’ ინტერვიუში არგენტინელთან ურთიერთობების გაუარესების აღიარება ამჯობინა.

„ჩემსა და მესის შორის ძველებური ურთიერთობა აღარ არის. 2023 წელს, „ოქროს ბურთის’’ ცერემონიალზე იყო ასეთი შემთხვევა: მე მისკენ მისასალმებლად გავემართე, მან კი ჩათვალა, რომ ჩვენ ერთმანეთს არ უნდა მივსალმებოდით. მას მერეც მქონდა შერიგების ორიოდ მცდელობა. იმედი მაქვს, რომ მომავალში ყველაფერი გამოსწორდება. სადღეისოდ, ჩვენს შორის ურთიერთობა გაფუჭებულია, მაგრამ ის მაინც „ბარსელონას’’ ლეგენდად რჩება’’.

ლეო მესი „ბარსელონას’’ კლუბის 114 504 წევრს შორის რასაკვირველია, ყველაზე პოპულარულ ფიგურად რჩება. ამ ხალხმა 15 მარტს ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. დაძაბულობის შესანელებლად ლაპორტა აპირებს არგენტინელის საპატივცემულო ღონისძიების მოწყობას.

„ლეო ისევე როგორც კრუიფი და კუბალა „კამპ ნოუს’’ წინ ძეგლს იმსახურებს. ის იმსახურებს საპატივცემულო ღონისძიებასაც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საამისოდ საუკეთესო დრო დადგება მაშინ, როდესაც სტადიონის გავსების შესაძლებლობა მოგვეცემა და ტრიბუნებს 100 000 გულშემატკივარი შეავსებს’’.

საინტერესოა, შეუნარჩუნებს თუ არა ეს დაპირება მას პრეზიდენტის სავარძელს?