AS: „ჟორჟ მიქაუტაძე იბრძოდა, მაგრამ იზოლირებული იყო. ერთხელ კარგად დაარტყა პირველ ტაიმში და ორი გარღვევა ჰქონდა მეორეში. მას თანაგუნდელებისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება’’.

ასე შეაფასა ესპანეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა გაზეთმა ქართველი თავდამსხმელის თამაში ვალენსიურ დერბიში, რომლშიც „ვილიარეალმა’’ „ვალენსიას’’ შინ 2:1 მოუგო. ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ სრულიად ვეთანხმებით AS-ის შეფასებას.

„შეხვედრა კარგად დავიწყეთ. მეტოქის გოლის შემდეგ ჩამორჩენასაც კარგად ვუპასუხეთ. როდესაც წინ გავედით, უკან დავიხიეთ და ამის გამო ჩვენს კართან ცოტა მეტი ხიფათი შექმნა, მაგრამ ჯამში კმაყოფილი ვარ’’, ― თქვა მატჩის მერე „ყვითელი წყალქვეშა ნავის’’ მწვრთნელმა მარსელინომ.

ეს გახლდათ „ვილიარეალის’’ მესამე გამარჯვება ოთხ შეხვედრაში. იმავდროულად ეს იყო „ვალენსიას’’ მესამე მარცხი ბოლო ექვს მატჩში.

ანგარიში 27-ე წუთზე პენალტით ბელგიელმა სტუმარმა ლარგი რამაზანიმ გახსნა. 31-ე წუთზე სანტი კომესანიამ გაათანაბრა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს 45+6 წუთზე პაპე გუიემ პენალტითვე მასპინძელთა გამარჯვების გოლი შეაგდო.

ამავე დღეს, „ვილიარეალის’’ კონკურენტმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, „ატლეტიკომ’’ „ესპანიოლს’’ 4:2 მოუგო. 25 ტურის შემდეგ მესამეზე „ვილიარეალია’’, ხოლო მეოთხეზე „ატლეტიკო’’, რომელიც მას სამი ქულით ჩამორჩება.

ჟორჟ მიქაუტაძის გუნდს შემდეგი თამაში 28 თებერვალს ბარსელონაში აქვს, ხოლო „ატლეტიკოს’’ ოვიედოში.