Of Paris Saint-Germain and Khvicha KVARATSKHELIA of Paris Saint-Germain during the Ligue 1 McDonald's match between Paris and Metz at Parc des...„მეცთან’’ შეხვედრის ბოლოს ხვიჩა კვარაცხელია ჩაიცუცქა. მასთან რამდენიმე თანაგუნდელი მივიდა. ქართველ გულშემატკივარს გულმა რეჩხი უყო: ხომ არ გაუმიზეზდა ქართული ფეხბურთის მთავარ ვარსკვლავს ერთი შეხედვით მოშუშებული ტრავმა? მაგრამ, „პარიზიენში’’ დღეს გამოქვეყნებული წერილიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ხვიჩას პრობლემა არ აქვს და ის ოთხშაბათს „მონაკოსთან’’ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში ითამაშებს. ამის ნათელი დასტურია წერილის სათაურიც: „ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრის წინ ერთადერთი გაურკვევლობა ოსმან დემბელესთან დაკავშირებითაა’’.

წერილის ავტორი ხაზს უსვამს, რომ „მეცთან’’ მარკინიოსს, ვილიან პაჩოსა და ნუნუ მენდეშს არ უთამაშიათ. შესაბამისად, მათ „მონაკოსთან’’ სასტარტო შემადგენლობა გარანტირებული აქვთ.

ვიტინიამ, ჟოაო ნევეშმა და ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 27 წუთი დაჰყვეს. ისინი შეცვლაზე შევიდნენ. დეზირე დუემ 45 წუთი ითამაშა, ხოლო ბრედლი ბარკოლამ – 64.

„მონაკოს’’ წინააღმდეგ მოედანზე ვერ გავლენ ფაბიან რუისი და ქვენტინ ნჯანტუ. აქ უნდა ითქვას, რომ რუისმა მუხლის პრობლემას როგორც ჩანს აჯობა და ინდივიდუალურ ვარჯიშს შეუდგა.

შესაბამისად, სავარაუდოდ დაცვაში ითამაშებენ: ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო და მენდეში.

ნახევარდაცვაში უნდა ველოდოთ ვიტინიას, ნევეშს და ზაირ-ემერის.

„პარიზიენის’’ ვერსიით თავდასხმაში ითამაშებენ: დუე, ბარკოლა და კვარაცხელია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გაურკვევლადაა დემბელეს საქმე. მისი ჯანმრთელობის შესახებ ბოლო ცნობებს პრეს-კონფერენციაზე ლუის ენრიკე მოგვაწვდის. ასეა თუ ისე, 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს სასტარტო შემადგენლობაში არ უნდა ველოდოთ, ხოლო იქნება თუ არა ის სათადარიგოში, გამოჩნდება.