იმაში, რომ „პარი სენ ჟერმნმა’’ აუტსაიდერ „მეცს’’ შინ 3:0 მოუგო განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის ეს იყო გამორჩეული შეხვედრა, რადგან საფრანგეთის ლიგა 1-ში 11 წუთის განმავლობაში მოედანზე ერთბაშად ოთხი თანამემამულე იხილა: მასპინძელთა მხრიდან ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო სტუმართა მხრიდან სამი გიორგი – წიტაიშვილი, აბუაშვილი და ქვილითაია. თავიდან მხოლოდ წიტაიშვილმა ითამაშა. 64-ე წუთზე მას კვარაცხელია დაემატა, შემდეგ აბუაშვილი და ბოლოს ქვილითაიაც. 89-ე წუთზე „მეცმა’’ წიტაიშვილი შეცვალა.
პირდაპირ რომ ვთქვათ, ამ ისტორიულ მატჩში ქართველებს არ გაუბრწყინიათ, მაგრამ ეს იმდენად შემაშფოთებელი არ იყო, რამდენადაც შეხვედრის ბოლოს კადრში ჩაცუცქული კვარაცხელიას დანახვა, რომელსაც ჟოაო ნევეში რაღაც ეკითხებოდა. იმედია, პსჟ-სა და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავს ტრავმა არ გაუმიზეზდა და რამდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგაში „მონაკოს’’ წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.
გადავხედოთ, როგორ შეაფასეს საქართველოს ნაკრების მოთამაშეები ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების მთვლელმა სხვადასხვა საიტებმა:
ხვიჩა კვარაცხელია: flashscore – 6.8; sofascore – 7.1; whoscored – 6.4; fotmob – 6.7.
გიორგი წიტაიშვილი: flashscore – 6.0; sofascore – 6.3; whoscored – 6.0; fotmob – 6.3.
გიორგი აბუაშვილი: flashscore – 6.2; sofascore – 6.5; whoscored – 5.9; fotmob – 6.0.
გიორგი ქვილითაია: flashscore – 6.4; sofascore – 6.7; whoscored – 6.2; fotmob – 6.3.
ეს შეხვედრა გაიმართლა ლიდერის, „ლანსის’’ „მონაკოსთან’’ 2:3 დამარცხებიდან რამდენიმე საათში. „მეცის’’ ძლევით პსჟ-მ ლიდერობა დაიბრუნა.
„არის თუ არა ეს სეზონის გარდამტეხი მომენტი? ვფიქრობ, „ლანსი’’ ბრწყინვალე ჩემპიონატს ატარებს, ხშირად იგებს. ისინი ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. წინ ჯერ კიდევ 11 ტურია და ვფიქრობ, ჩემპიონობისთვის მათ კიდევ სჭირდებათ თამაშის გაუმჯობესება, მაგრამ სანახაობის თვალსაზრისით მათი ფეხბურთი ჩინებულია’’, ― თქვა მატჩის დამთავრების შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ თავკაცმა ლუის ენრიკემ.




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)
