Zuriko DAVITASHVILI during the Ligue 2 BKT match between Saint-Etienne and Laval at Stade Geoffroy-Guichard on February 21, 2026 in Saint-Etienne,...საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა’’ „ლავალს’’ 2:1 მოუგო. შეხვედრა მასპინძლებისთვის იდეალურად დაიწყო: ბენ ოლდმა ბურთი შორეულ ძელთან ჩააწოდა, ილიე არაჯმა კი ხელით ითამაშა. მსაჯმა სამართლიანად დანიშნა პენალტი, რომელიც დავითაშვილმა გაიტანა.

ქართველი თავდამსხმელის გოლმა „ჟოფრუა გიშარზე’’ შეკრებილი გულშემატკივარი აღაფრთოვანა. პირველ ტაიმში „სენტ ეტიენი’’ მოწინააღმდეგეს სჯობდა და 30-ე წუთზე ზურიკოს მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ შესაძლებლობით ვერ ისარგებლა, რის მერეც ამუშავდა პრინციპი: როდესაც თავად ვერ გაგაქვს, მოწინააღმდეგე გაიტანს. 36-ე წუთზე მამადუ კამარამ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ სტუმრებს ზეიმი ხეირიანად დამთავრებულიც არ ჰქონდათ, როდესაც „მწვანეებმა’’ მეორე შეაგდეს. ეს ლუკა სტასენთან მოკლე კომბინაციის გათამაშების შემდეგ ოგუსტინ ბოკაიემ გააკეთა.

მეორე ტაიმში გოლის შეგდება ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

ამრიგად, „სენტ ეტიენს’’ 24 ტურის შემდეგ 43 ქულა აქვს და ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ტრუას’’. ის ასევე ორ ქულით უსწრებს მესამე ადგილოსან „რეიმსს’’. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 2-იდან ლიგა 1-ში პირდაპირი აღზევება შეუძლიათ მხოლოდ პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილზე გასულებს კი ფლეი-ოფებში მოუწევთ ბრძოლა.

ზურიკო დავითაშვილმა „ლავალთან’’ შეხვედრაში შემდეგი შეფასება დაიმსახურა:

flashscore – 7.5 (მეორე შეფასება თანაგუნდელთა შორის); sofascore – 7.2 (მეოთხე შეფასება); fotmob – 8.1 (მეორე შეფასება).