ფიფა კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის წარმატებამ იმდენად მოხიბლა, რომ გადაწყვიტა შეჯიბრება განავითაროს. მოგეხსენებათ, 2025 წლის ზაფხულში მას აშშ-მ უმასპინძლა. გაიმარჯვა „ჩელსიმ’’.
კლუბთა შემდეგი მუნდიალი 2029 წლისთვის არის დაგეგმილი, მაგრამ ამბობენ, რომ მსოფლიო ფეხბურთის შეფებს მისი უფრო ხშირად, კერძოდ ორი წელიწადში ერთხელ ჩატარება უნდათ. სად გაიმართება მომდევნო ჩემპიონატი? ეს ჯერ ცნობილი არ არის. ნამდვილი, ნაკრებთა მუნდიალი სამ ქვეყანაში – პორტუგალიაში, ესპანეთსა და მაროკოში გადანაწილდება.
„მარკა’’ წერს, რომ ფიფა აპირებს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა 32-დან 48-მდე გაზარდოს. ეს იქნება გუნდების რაოდენობის 50 პროცენტიანი მატება. ასეთი რამ ნაკრებთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთხელ უკვე განხორციელდა.
გაზეთი წერს იმასაც, რომ ფიფა 2029 წლის შეჯიბრების ესპანეთსა და მაროკოში ჩატარებაზე ფიქრობს, რაც, ფაქტობრივად, მომდევნო წლის მუნდიალის რეპეტიცია იქნება. თუ ესპანეთის და მაროკოს ვარიანტი არ გამოვა, მაშინ მარქაფაში ამერიკის შეერთებული შტატებია.
უნდა აღინიშნოს, რომ ფიფა წინააღმდეგობას უეფას მხრიდან წააწყდა. შარშან ევროპამ შეჯიბრებაზე 12 გუნდი გაგზავნა, მაგრამ უეფას ხელმძღვანელთა აზრით, კალენდრის კიდევ უფრო გადატვირთვა და დამძიმება საჭირო აღარ არის.
„გარდიანი’’ წერს, რომ კლუბები იმითაც არიან უკმაყოფილონი, რომ ფიფას მათთვის შარშანდელი შეჯიბრების ფული არ გადაუხდია. ინგლისური გაზეთი წერს, რომ 212 მილიონი ევრო ფედერაციებს შორის ჯერ კიდევ გასანაწილებელია. ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, თუ როდის შეძლებს ფიფა ფულის ჩარიცხვას.





