„პარი სენ ჟერმენს’’ ხშირად ადარებენ ერთი წლის წინანდელ საკუთარ თავს და ეს ბუნებრივია. 2025 წლის დასაწყისში ლუის ენრიკეს გუნდი განსაკუთრებულ ფეხბურთს თამაშობდა. მან ეს დონე დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში შეინარჩუნა, შემდეგ კი გულშემატკივარს გაუჩნდა ეჭვი, რომ პარიზელთა თამაშის ხარისხი ძველებური აღარ იყო. „მეცთან’’ შეხვედრის წინა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გუნდის ესპანელ მწვრთნელს ლუის ენრიკეს სხვა თემებთან ერთად ამაზეც მოუხდა ლაპარაკი.
„ძნელია ერთმანეთს შეადარო ორი გუნდი ან ორი სეზონი, ― თქვა მან, ― თუმცა ერთის თქმა შემიძლია: მიმდინარე სეზონი უჩვეულოა, რადგან ისდ ფაქტობრივად ვარჯიშის გარეშე დავიწყეთ’’.
და ეს სრული სიმართლეა, რადგან ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემდეგ პარიზელებმა ვერ დაისვენეს, ისინი კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრნენ, ხოლო მისი დამთავრების შემდეგ, სამ კვირაში უკვე ევროპის სუპერთასზე დაუპირისპირდნენ „ტოტენჰემს’’ და ამით ახალი სეზონი დაიწყო.
„მე ამისგან პრობლემას არ ვქმნი, არც თავის გასამართლებელ მიზეზებს ვეძებ. ტრავმებითაც არ მინდა რაიმეს ახსნა, რადგან როდესაც პსჟ-ს მწვრთნელი ხარ ამისთვის მზად უნდა იყო. მეორე მხრივ, ეს გახლავთ უნიკალური სიტუაცია, როდესაც იმდენად ბევრი დაშავებული ფეხბურთელი გყავს, რომ როტაციის საშუალება არ გაქვს. საბედნიეროდ, გუნდმა სიმტკიცე გამოამჟღავნა. დღევანდელ ცხოვრებაში ასეთი სიმტკიცე იშვიათია, მაგრამ ის ჩვენ გვახასიათებს’’, ― თქვა „ბარსელონას’’ ყოფილმა თავკაცმა.
შემდეგ ლუის ენრიკემ დასძინა: „თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ საუკეთესო ფორმაში არ ვართ. თქვენ გინდათ, რომ ჩენ ვთამაშობდეთ ისე, როგორც ვთამაშობდით შარშან ამ დროს, მაგრამ ეს შეუძლებელია. მე დღევანდელი მდგომარეობით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბოლო შეხვედრაში 20 წუთში 0:2-ს ვაგებდით, მაგრამ მოვიგეთ. ჩემი აზრით ამ დღეს წარმოუდგენლად კარგად ვითამაშეთ. მინდა ხაზი გავუსვა იმას, თუ სირთულეების მიუხედავად როგორ გავაგრძელეთ თამაში’’.
ფრანგული მედია წერს, რომ როდესაც მიხვდა, რომ ძალიან მაღლა აწეული თამასის გამო მისი გუნდის თამაშის ხარისხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ ესპანელ მწვრთნელს გაღიზიანება შეეტყო.





