საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩიც ბონუსით მოიგო – ესპანელ „ლომებს“ სამის წილ 6 ლელო გაუტანა და 42:30 იმარჯვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თბილისში, „ავჭალაზე“ გამარჯვებამ ბორჯღალოსნებს „ა“ ჯგუფი მოაგებინა, რის შედეგადაც 2 კვირაში ტურნირის ნახევარფინალი კვლავაც ავჭალაში გაიმართება, ოღონდაც მეტოქე მოგვიანებით გამოგვივლინდება რუმინეთს, გერმანიასა და ბელგიას შორის.

თებერვლის მიწურულის დარში გამართული მატჩი საკმაოდ თვალსასეირო გახლდათ, უამრავი ლამაზი სათამაშო ეპიზოდით, ჩინებული ლელოებითა და ორივე მხრიდან კარში უნაკლო დარტყმებით. ერთი ის იყო ნეგატიური, რომ გელა აფრასიძეს მეტოქემ უნებლიედ ტვინის შერყევა მიაღებინა, რომელიც ჩვენი 9 ნომრის კარიერაში პირველი როდი იყო. იმედია, „პერპინიანის“ მორაგბე მალე დაბრუნდება მწყობრში და ამას შესაბამისი კვლევების შემდეგ შევიტყობთ, თორემ როცა აფრასიძე საკაცით მინდვრიდან გაჰყავდათ და მთელი „ავჭალა“ მის სახელს სკანდირებდა, გელამ ქომაგებს ტაშითა და ზევით აღმართული ცერებით კი უპასუხა…

ანგარიში სტუმრებმა ჯარიმის გატანით გახსნეს, თუმცა, მალევე ქართველებმა შეუჩერებელი მოლი ააგორეს, რომელიც ვანო კარკაძემ დააბოლოვა, რომელმაც 30-ე სანაკრებო კეპი მე-11 ლელოთი აღნიშნა. თედო აბჟანდაძემ გარდასახა – 7:3.

მერე იყო ქართველ შუამარბთა მაგარი კომბინაცია და დემურ თაფლაძემ გიორგი კვესელაძის პასით იხეირა, თედო აქაც ზუსტი იყო და 14:3 დავწინაურდით.

ესპანელებმა კვლავ ჯარიმა გაგვიტანეს – 14:6, რაზედაც დავით ნინიაშვილმა ლამაზი სოლოთი უპასუხა. აბჟანდაძე კვლავ ზუსტი იყო და ანგარიში 21:6 გახდა. ნინიაშვილისთვის ეს იყო 46-ე სანაკრებო თამაშში მე-15 ლელო, ხოლო მისმა ჯამურმა მონაგარმა 114 ქულას უწია.

ტაიმის მიწურულს კი „ლომებმა“ ჯიუტად მესამედაც კარში დაგვირტყეს და თამაშის ნახევარი 9:21 დაასრულეს.

აი, მეორე ტაიმის საწყისი ნახევარი კი მეტად მოულოდნელი გამოდგა – სტუმრებმა მიყოლებით ორი ლელო გაგვიტანეს, ორივე გარდასახეს და წინაც გაიჭრნენ – 23:21.

დაახლოებით ამ დროსვე მარკო ბორტოლამი მარქაფის დასაქმებას შეუდგა და სწორედ შეცვლაზე შესულებმა შეიტანეს გარდატეხა ესპანელთა აღმაფრენაში. გიორგი ჯავახიას მაღალმა აქტიურობამ ბაჩუკი ჭუმბაძის ლელო მოიტანა, რომელმაც მესამე კარიერულ მატჩში უკვე მეორედ გამოიჩინა თავი. თედომ კი გარდასახა, პირადი სანაკრებო ანგარიში 62 მატჩსა და 398 ქულას გაუტოლა და მინდორიც დატოვა.

ჰოდა, მის ნაცვლად თამაშში ჩართულმა ლუკა მატკავამ მაღალოსტატური, მისთვის მე-6 სანაკრებო ლელო მალევე გაიტანა და თავადვე გარდასახა – 35:23.

ბოლოსკენ „კვესომ“ და დემემ პირველი ტაიმის ფოკუსი გაიმეორეს და თაფლაძემ მეექვსე, ბონუსის მომტანი ლელო გაიტანა, რომელიც პირადად მისთვის 49-ე სანაკრებო მატჩში მე-10 გამოდგა. მატკავამ გარდასახა და თავის მხრივ, 35-ე კეპი მოიხვეჭა და ქულათა ანგარიში 252-ს გაუტოლა. 42:23 და ფინიშზე ესპანელებმა ერთი ლელო-გარდასახვა გაგვიქვითეს, რის შემდეგაც ბოლო შეტევაც მათი აღმოჩნდა, თუმცა „ბორჯღალოსნებმა“ თავი კარგად დაიცვეს, 42:30 დააფიქსირეს, ჯგუფი მაქსიმუმით, 15 ქულით დაასრულეს და 7 ან 8 თებერვალს „ავჭალაზე“ ნახევარფინალსაც გამართავენ.