Aimar García, in a training session with Atlético.
18 წლის აიმარ გარსია

ესპანეთის საკლუბო ფეხბურთში ერთხანს მშვიდობა სუფევდა. ისტორიულად დაპირისპირებული კლუბები თითქოსდა აღარ მტრობდნენ ერთმანეთს, რაც უპირველეს ყოვლისა სუპერლიგის პროექტით იყო განპირობებული, მაგრამ აი, ჩაიშალა ეს პროექტი და მათ კვლავ ხმლები იშიშვლეს. „რეალისა’’ და „ბარსელონას’’ გაუთავებელ ქიშპობაზე ბევრი დაწერილა, ახლა კი მადრიდის ორი კლუბის „რეალისა’’ და „ატლეტიკოს’’ კონფლიქტზეც დაიწყეს ლაპარაკი.

საქმე ის არის, რომ ესპანეთის დედაქალაქის ორ კლუბს შორის არსებობდა ეგრეთწოდებული პაქტი თავდაუსხმელობის შესახებ, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი ერთმანეთის ფეხბურთელებს, უპირველეს ყოვლისა ბავშვთა საფეხბურთო სკოლებიდან არ იტაცებდნენ. 2017 წელს „ლოს ბლანკოსმა’’ ეს ხელშეკრულება დაარღვია და „ატლეტიკოს’’ თეო ერნანდესი წაართვა. მართალია, ფრანგი „მატრასის მკერავების’’ პირველი გუნდის ფეხბურთელი იყო და არა სკოლის აღზრდილი, მაგრამ ისინი მოთამაშის გადატყუებამ მაინც გააღიზიანა. 2022 წელს კი, როდესაც „რეალმა’’ ხესუს ფორტეა წაყვანა, პაქტი აშკარად დაირღვა. ვალენსიელი ბავშვი, რომელიც დღეს 18 წლისაა, „ლევანტეს’’ სკოლიდან „ატლეტიკომ’’, ხოლო იქიდან „რეალმა’’ „მოიტაცა’’.

და აი, „მარკაში’’ დაიწერა, რომ „რეალი’’ კიდევ ერთ გატაცებას გეგმავს. ის „ატლეტიკოსგან’’ 18 წლის ცენტრალურ მცველს აიმარ გარსიას უპირებს გადაბირებას. 192 სანტიმეტრი სიმაღლის ჭაბუკი ძალიან მოსწონს „ატლეტიკოს’’ არგენტინელ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს და მის დაკარგვას იოლად ვერ შეეგუება.

ამასობაში დადასტურდა, რომ „ბარსელონას’’ „ატლეტიკოსგან’’ არგენტინელი ხულიან ალვარესის გადაბირება სურს. მოგეხსენებათ სეზონის ბოლოს კატალონიას პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი დატოვებს და ჰანსი ფლიკს მისი შემცვლელი სჭირდება. საინტერესოა, რომ „ბარსელონაში’’ ჯერ კლუბის ახალი პრეზიდენტის ვინაობაა გასარკვევი, მაგრამ ამბობენ, რომ ლაპორტას ალვარესთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი მოგვარებული აქვს.

არგენტინელი ფეხბურთელის ყიდვით დაინტერესებულები არიან „ჩელსი’’ და „მანჩესტერ იუნაიტედიც’’. მათ სურთ „მანჩესტერ სიტის’’ ყოფილი ფეხბურთელი პრემიერლიგაში დააბრუნონ, მაგრამ „ატლეტიკო’’ სხვა აზრის არის. მადრიდელებს ბოლო თვეებში დაცემული შედეგიანობის მიუხედავად ალვარესის გაყიდვა არ უნდათ.

Cadena SER-ის ინფორმაციით „ბარსელონა’’ ალვარესში 200 მილიონ ევროს იხდის. თუ ეს ტრანსფერი განხორციელდება, ის იქნება სიძვირით მეორე 2017 წელს ნეიმარის „კამპ ნოუდან’’ „პარკ დე პრენსზე’’ 222 მილიონ ევროდ გადასვლის შემდეგ.

ამბობენ იმასაც, რომ ჯერ ალვარესი „ატლეტიკოსთან’’ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ეს სულ მცირე იმას მოიტანს, რომ თუ ტრანსფერი ჩაიშლება, არგენტინელს გაზრდილი ხელფასი შერჩება, ხოლო თუ შედგება, იხეირებს „ატლეტიკო’’, რომელიც ფეხბურთელში ძვირს მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას’’, რომელიც მზად არის თავდამსხმელში 200 მილიონი გადაიხადოს, ფინანსური პრობლემები კვლავ არ აქვს მოგვარებული.