რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატმა, როგორც იქნა, საქართველომდე მოაღწია – შაბათს, მიმდინარე გათამაშებაში პირველად, საქართველოს ბორჯღალოსნები მშობლიურ „ავჭალაზე“ ითამაშებენ. „ა“ ჯგუფის გადამწყვეტი მატჩი 15 საათზე დაიწყება და მარკო ბორტოლამის ბიჭების მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება.

ორივე გუნდმა საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი დააგროვა და შაბათის ჯახი მხოლოდ იმას დაადგენს, თუ ვინ ითამაშებს ნახევარფინალს საკუთარ მოედანზე და ვინ – სტუმრად. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „ბ“ ჯგუფს პორტუგალია მოიგებს და „ლობუშთან“ სტუმრობა ნაკლებ კომფორტულია, ვიდრე რუმინეთის ან გერმანიის მასპინძლობა.

ესპანეთ-საქართველოს დაპირისპირებათა ისტორია 27 მატჩისგან შედგება, რომელთაგან 23 ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა, მათ შორის ერთ-ერთი – 60:0. არადა, მსოფლიო რაგბის არაოფიციალურ კლასიფიკაციაში ტიერ 2-ის (მე-2 დონის) გუნდად საქართველოც მიიჩნევა და ესპანეთიც. აქ დავაზუსტოთ, რომ საქართველოს ტიერ 2-ის ყველა დანარჩენ წარმომადგენელთანაც მსგავსი უპირატესობა აქვს, მაგრამ ქართველებს წინსვლის საშუალება არა და არ ეძლევათ…

შემადგენლობას რაც შეეხება, მარკო ბორტოლამიმ ამ ეტაპისთვის ალბათ უძლიერესი რაზმი შეკრა, თუ არ ჩავთვლით ბექა გორგაძისა და კიდევ ორიოდე მოთამაშის არყოფნას. ბიჭები მობილიზებულები არიან, სულისკვეთებაც საბრძოლოა და მთავარი ფიქრი უკვე 7 ან 8 მარტისკენაა მიმართული – ნახევაფინალებისკენ. თუმცა, სრული კომფორტისთვის ესპანეთია დასამარცხებელი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთთან მატჩში:

  1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 16 კეპი, 5 ქულა), 2. ვანო კარკაძე (ოიონაქსი, 29, 50), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 23, 0), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 25, 25), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (მონ-დე-მარსანი, 31, 5), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი, 28, 25), 7. ბექა საღინაძე (კაპიტანი, ლიონი, 54, 20), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 46, 45), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი, 65, 65), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 61, 390), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი, 2, 5), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 76, 65), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 48, 40), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 57, 255), 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი, 45, 109).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი, 2, 0), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი, 6, 0), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეტერი, 2, 5), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი, 23, 20), 20. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 42, 30), 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 101, 98), 22. ლუკა მატკავა (ოიონაქსი, 34, 243), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 18, 20).