FC Metz - Paris SG (first leg)სამი ქართველი ფეხბურთელის, სამი გიორგის ― წიტაიშვილის, აბუაშვილისა და ქვილითაიას ― გუნდი „მეცი’’ ლიგა 1-ის ცხრილში ბოლო ადგილზეა და შაბათს „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენს’’ უნდა ესტუმროს. ბენუა ტავენოს შეგირდები უმძიმესი გამოწვევის წინაშე დგანან, მაგრამ როგორც ფრანგული პრესა წერს ყურების ჩამოყრას არ აპირებენ. ტავენო, „ბასტიას’’ ყოფილი თავკაცი, დარწმუნებულია, რომ გუნდი ჯერ კიდევ შეიძლება გადარჩეს, ამიტომ მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ოპტიმისტურად ილაპარაკა.

„ჩვენ ამ მოგზაურობის არ გვეშინია. პარიზში იმ ამბიციით მივდივართ, რომ ჩვენ სიტყვას ვიტყვით და კარგ შეხვედრას ჩავატარებთ. როდესაც ფეხბურთელი ხარ ან კლუბში მუშაობ, სადმე, თუნდაც პარიზში თამაშის არ უნდა გეშინოდეს. თუ ასეა, პროფესია უნდა გამოიცვალო. პირიქით, „პარკ დე პრენსზე’’ ბურთაობა დიდებულია. გაცილებით სჯობს სათამაშოდ „პარკ დე პრენსზე’’ წახვიდე, ვიდრე ლიგა 2-ის რომელიმე მოსაწყენ ქალაქში’’, ― თქვა „მეცის’’ ახალმა თავკაცმა.

იმავდროულად, ტავენომ ჟურნალისტებს გააცნო დაშავებულთა სია. მან დაადასტურა, რომ გამოჯანმრთელდა კოტ დ’ივუარის ნაკრების საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი 30 წლის ჩამშლელი ნახევარმცველი ჟან-ფილიპ გბამენი, მაგრამ თანაგუნდელებს კვლავ ვერ დაეხმარებიან იმავე ფუნქციის 35 წლის მოთამაშე ბენჟამენ სტამბული და 29 წლის მარჯვენა გარემარბი გოტიე ეინი, რომელიც კოჭს მკურნალობს, თუმცა ამ უკანასკნელის საქმე ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.